ახალი ამბები

ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესია – ეთიკის ქარტია კობახიძეზე

25 ივლისი, 2022 •
ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესია – ეთიკის ქარტია კობახიძეზე

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის მხრიდან “მთავარი არხის” ჟურნალისტის შეურაცხყოფას. ქარტიის განცხადებით, მიუღებელია პარტიის ხელმძღვანელების მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება და დისკრიმინაციული ლექსიკის გამოყენება.

ამასთან, ქარტია ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესია და ძალადობის წახალისება:

“ქარტია კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო გარემოს არარსებობას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მსგავსი რიტორიკა.

მნიშვნელოვანია, ხელისუფლების წარმომადგენელს ესმოდეს მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში და იზრუნოს მათ შორის კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და სათანადოდ მოექცეს მათ.

ქარტია მიიჩნევს, რომ დაუშვებელია მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესია და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობის წახალისება, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება”, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

დღეს, 25 ივლისს, ირაკლი კობახიძემ “მთავარი არხის” ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მან მამამისის შესახებ დასმულ შეკითხვაზე – არის თუ არა გია კობახიძე “კაგებეშნიკი”, “მთავარი არხის” ჟურნალისტს უთხრა:

“კაგებეშნიკი არის მამათქვენი… სახე დაკარგე. ნუ კანკალებ, სახე დაკარგე… ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე. სააკაშვილივით გაქვს პირი. დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. პირი მოიწმინდე, სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც. შენს ბელადს დაემსგავსე პირითაც, სირცხვილია. სახე დაკარგე ნაცმოძრაობის გულისთვის, სამარცხვინო… შენ ხარ [დავით] არახამია… როგორც ის არ არის კაცი, ასევე შენ არ ხარ ქალი… გადი ახლა აქედან… ნაცმოძრაობის გულისთვის დაკარგე სახე…”.

ირაკლი კობახიძის მამის “კაგებეშნიკობის” შესახებ უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა დავით არახამიამ “მთავარ არხთან” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, არ იცოდა, ვინ იყო ირაკლი კობახიძე, ინფორმაციის მოძიების შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ კობახიძის მამა “კაგებეშნიკია”.

კობახიძის შემდეგ ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემაც. მან ირაკლი კობახიძის შეურაცხმყოფელი სიტყვები გაამართლა და ჟურნალისტს უთხრა, რომ “ათჯერ უარესი რომ არ უთხრა” კობახიძემ, “ძალიან გაუკვირდა”. შემდეგ კი ჟურნალისტებს “სასარგებლო იდიოტები” უწოდა.

“მეც მიმძიმს ამ თქვენი მძიმე პროვოკაციების მოთმენა მაგრამ ვითმენ შეძლებისდაგვარად. ირაკლიმაც მოითმინა შეძლებისდაგვარად. ათჯერ უარესი რომ არ გითხრათ, ძალიან გამიკვირდა. თქვენ იმდენად მძიმე შეურაცხყოფა მიაყენეთ…

მე რომ გითხრათ ახლა, რომ თქვენ ხართ კრემლის სასარგებლო იდიოტი, ეს სწორია თუ არასწორია. მე ასე მგონია და აქამდე არ გეუბნებოდით. თქვენ, თქვენი ტელევიზიით, ვინაიდან არ იმჩნევთ მილიონობით რუბლით ადამიანებს და მის ქეისებს, არ იმჩნევთ საერთოდ, ვინაიდან ვითომ დეკლარირებთ პროდასავლურად და, საბოლოო ჯამში, რუსულ საქმეს აკეთებთ, შედეგებიდან ასე გამომდინარეობს, ჩემი აზრით, თქვენ ბრძანდებით კრემლის სასარგებლო იდიოტები”, – უთხრა ჟურნალისტებს მდინარაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი