უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურა რუსეთის საბრძოლო მასალის 50 საწყობი. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვზე დაყრდნობით.
რეზნიკოვის თქმით, საწყობები უკრაინამ ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიწოდებული Himars-ის მეშვეობით გაანადგურა. [Himars – მრავალფუნქციური მოდულური სარაკეტო სისტემები]
“ეს წყვეტს მათ [რუსულ] ლოჯისტიკურ ჯაჭვებს და მათ ართმევს აქტიური ბრძოლების ჩატარების და ჩვენი შეიარაღებული ძალების მძიმე დაბომბვების შესაძლებლობას”, – განაცხადა მან.
Reuters-ის ცნობით, დამოუკიდებელი წყაროებით აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება ვერ შეძლეს.
რას წარმოადგენს HIMARS და M270 სისტემები?
მრავალფუნქციური მოდულური სარაკეტო სისტემებს — M-270 MLRS ან HIMARS — შეუძლია, გამოიყენოს რამდენიმე ტიპის სხვადასხვა რაკეტა, ძირითადად, 227 მმ-იანი M26 ტიპის უმართავი რაკეტები ან M30/31 GMLRS სერიის მართვადი კორექტირებადი რაკეტები, რომლებსაც შეუძლია სამიზნეებს მისწვდეს 70-80-120 კმ-ზე, ხოლო უახლოეს მოდიფიკაციებში, გაზრდილი მანძილის GMLRS რაკეტებით — 150 კმ მანძილზე. ისინი დღესდღეობით საარტილერიო სისტემებში ყველაზე მაღალტექნოლოგიურ საშუალებად ითვლება. ასევე, ამ სისტემებს შეუძლიათ გაუშვან ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც 300 კილომეტრამდე რადიუსში მოქმედებს.
HIMARS და MLRS უზრუნველყოფენ მსგავს შესაძლებლობებს და დიაპაზონს, მაგრამ HIMARS არის მსუბუქი ვერსია, რომელიც მოძრაობს ბორბლიან შასიზე და საათში 50 მილს ავითარებს. MLRS მოძრაობს ლიანდაგზე და შედარებით ნელა. HIMARS-ს შეუძლია ექვსი რაკეტის გასროლა ერთდროულად, ხოლო MLRS-ს — 12-ის გაშვება.
უკრაინის შეიარაღებული ძალები იყენებენ აშშ-ის მიერ მიწოდებულ M777 ჰაუბიცებს, რომელთა მოქმედების მანძილი დაახლოებით 25 კმ-ია, მაგრამ მრავალფუნქციური მოდულური სარაკეტო სისტემები მათ საშუალებას აძლევს, მისწვდეს უფრო შორ სამიზნეებს, რასაც კიევი ჯერ კიდევ მარიუპოლის ალყიდან მოყოლებული და შემდეგ დონბასში გადამწყვეტი ბრძოლებისას ითხოვდა. დასავლეთში შიშობდნენ, რომ უკრაინისთვის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი მოქმედი შეიარაღების მიწოდება, რომლებსაც შეუძლიათ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმა, კონფლიქტის მეტ ესკალაციას და მოსკოვის არაპროპორციულ რეაქციას გამოიწვევდა. BBC-ის თანახმად, უკრაინის შედარებით მცირე რადიუსის რაკეტებით შეზღუდვა შეიძლება იყოს გზა დასავლეთისთვის, რათა თავიდან აიცილოს კონფლიქტის ესკალაცია. აშშ-მაც და დიდმა ბრიტანეთმაც განაცხადეს, რომ უკრაინას 80 კილომეტრ მანძილზე მოქმედ მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს გადასცემენ.