ახალი ამბები

დაძაბულობა რუსეთსა და ისრაელს შორის: მოსკოვს უძველესი ებრაული სააგენტოს დახურვა სურს

25 ივლისი, 2022 • 1227
დაძაბულობა რუსეთსა და ისრაელს შორის: მოსკოვს უძველესი ებრაული სააგენტოს დახურვა სურს

მოსკოვი გეგმავს, დახუროს ებრაული სააგენტოს რუსული ფილიალი, რომელიც მოქალაქეთა ისრაელში ემიგრაციის პროცესს უწყობს ხელს. ხმაურიან განზრახვას წინ უძღოდა ისრაელის კრიტიკა რუსეთისადმი, რომელიც უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას მოჰყვა.

სააგენტოს ლიკვიდაციის თხოვნით მოსკოვში მოქმედ ბასმანის რაიონულ სასამართლოს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ 15 ივლისს მიმართა. სასამართლო განხილვა 28 ივლისისთვის არის დაგეგმილი.

მოსკოვის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ ცნობაში მითითებული არ არის, კონკრეტულად რას ედავებიან ებრაულ სააგენტოს. აღნიშნულის შესახებ არც იუსტიციის სამინისტრო საუბრობს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა ამ საკითხზე იურიდიულ-დიპლომატიური სამუშაო ჯგუფი უკვე შექმნა. კვირას, 24 ივლისს, ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ, ლაპიდმა თქვა, რომ სააგენტოს დახურვა ისრაელისა და რუსეთის ურთიერთობებზე აისახება.

“ებრაული სააგენტოს ოფისების დახურვა იქნება მძიმე მოვლენა, რომელიც გავლენას მოახდენს [ისრაელ-რუსეთის] კავშირებზე”, — ციტირებს პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებას გამოცემა The Times of Israel.

მან ასევე მოითხოვა, ხსენებული დელეგაცია მოსკოვში გასამგზავრებლად მოემზადოს, როგორც კი რუსეთისაგან თანხმობას მიიღებს მოლაპარაკებებზე.

როგორც “ამერიკის ხმა წერს”, ზოგიერთი ექსპერტი დაწესებულების დახურვის მოთხოვნას განიხილავს კრემლის გაფრთხილებად პრემიერ-მინისტრ ლაპიდისადმი, რომელიც უფრო მკაცრი რიტორიკით გამოირჩევა უკრაინაში მიმდინარე ომთან  დაკავშირებით, ვიდრე წინა პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი, რომელიც პირველ ივლისს გადადგა.

იაირ ლაპიდი. ფოტო: EPA 

ისრაელს უკრაინაში სამხედრო დახმარება არ გაუგზავნია, თუმცა დაგმო რუსეთის შეჭრა ქვეყანაში. ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობები მაისში, მას შემდეგ გაუარესდა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ ადოლფ ჰიტლერი ებრაელი იყო.

მანამდე, აპრილში, როცა ჯერ კიდევ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ლაპიდმა თქვა, რომ რუსეთმა ომის დანაშაულები ჩაიდინა დაუცველი სამოქალაქო პირების წინააღმდეგ უკრაინაში.

ებრაული სააგენტო, რომელსაც რუსეთი დახურვას უპირებს, გასული საუკუნის 20-იან წლებში შეიქმნა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ისრაელის სახელმწიფოს დაფუძნებაში 1948 წელს. მისი ბიურო რუსეთში 1989 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლამდე 2 წლით ადრე გაიხსნა.

რუსეთში გახსნის შემდეგ სააგენტომ აქტიურად დაიწყო მუშაობა ისრაელში მიღებული კანონის შესაბამისად, რომლის თანახმადაც ნებისმიერ ებრაელს ან სხვას, ვისაც ერთი ან მეტი ებრაელი ბებია/ბაბუა ჰყავს, აქვს უფლება, დამკვიდრდეს ისრაელში. მას შემდეგ რუსეთი ასობით ათასმა ადამიანმა დატოვა და ისრაელში გადავიდა.

Reuters-ის ცნობით, სააგენტო უდიდესია მსოფლიოში მოქმედ ებრაულ არაკომერციულ ორგანიზაციებს შორის.

იმ ფონზე, როცა რუსეთი არ საუბრობს სააგენტოს დახურვის განზრახვის კონკრეტულ მიზეზებზე, მედიაში არაერთი ვერსია ტრიალებს. როგორც ისრაელში მოქმედი გამოცემა The Jerusalem Post ივლისის დასაწყისში იუწყებოდა, რუსი ოფიციალური პირები ხსენებულ დაწესებულებას ადანაშაულებდნენ რუსეთის მოქალაქეთა მონაცემების უკანონოდ შეგროვებაში. ორგანიზაციის ლიკვიდაციის მოთხოვნას გამოცემა  ასევე უკავშირებს უკრაინის ფაქტორს და სირიას, სადაც ისრაელი ბომბავს რუსეთის მოკავშირის, ირანის პოზიციებს.

ებრაული სააგენტო რუსეთში. ფოტო: TASS

სააგენტოს გარშემო განვითარებულ პროცესებს ეხმაურებიან როგორც ისრაელის მთავრობიდან, ისე რუსეთის ებრაული დიასპორიდან. ისრაელის დიასპორის მინისტრმა, ნაჩმან შაიმ, “ტვიტერზე” დაწერა, რომ “რუსეთის ებრაელები არ იქნებიან მძევლები უკრაინაში ომის გამო”.

“მცდელობა, დაისაჯოს ებრაული სააგენტო ისრაელის პოზიციისათვის ომთან დკავშირებით, არის სამარცხვინო და შეურაცხმყოფელი”.

“რუსეთის ებრაელთა კონგრესის” პრეზიდენტის, იური კანერის თქმით, ებრაული სააგენტო ძველი და რეპუტაციული ორგანიზაციაა, რომელიც არასდროს ჩართულა რაიმე სკანდალში.

როგორც კანერმა ამერიკულ NBC News-სთან საუბრისას აღნიშნა, რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილება “ნამდვილად მნიშვნელოვანი იქნება რუსეთ-ისრაელის ურთიერთობებისთვის”.

ისრაელის მთავრობის მონაცემებით, გასულ წელს რუსეთიდან 7 000 ებრაელი წავიდა ემიგრაციაში ისრაელისკენ, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ კი რუსეთიდან ისრაელში 16 000 ემიგრანტი ჩავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი