ახალი ამბები

მოქალაქის თქმით, პოლიციამ დაკავებისას მასზე იძალადა და ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მისცა

23 ივლისი, 2022 •
მოქალაქის თქმით, პოლიციამ დაკავებისას მასზე იძალადა და ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მისცა

26 წლის თორნიკე ნანობაშვილი აცხადებს, რომ პოლიციამ ის ძალის გამოყენებით დააკავა. მისი თქმით, საპატრულო ეკიპაჟის წარმომადგენლებმა ის “შეურაცხყოფის მიყენებისთვის” დააკავეს, “ხელები გადაუგრიხეს”, საპატრულო მანქანაში ჩასმისას თავი მანქანას მიარტყა, ხელბორკილები კი იმდენად მჭიდროდ დაადეს, რომ ხელი დღესაც სტკივა.

ნანობაშვილი იხსენებს, რომ გუშინ საღამოს, დაახლოებით 11 საათისთვის თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მოპედი დამუხრუჭებისას მოუსრიალდა, რად დროსაც დაპარკინგებულ მანქანას ოდნავ მიეჯახა, მისი პატრონი იქვე იყო და პრეტენზია არ გამოუთქვამს, თუმცა ასევე იქვე იყო პატრულის ეკიპაჟიც, რომლის წარმომადგენლებმაც თავიდანვე აგრესიულად საუბარი დაუწყეს:

“უკან ვაცურებდი მოპედს, როდესაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა აგრესიულად საუბარი დამიწყო “სად აჩერებო”. მე ვუთხარი, რომ არანაირი პრეტენზია არ გვქონდა არავის, უბრალოდ მოპედი შეეხო მანქანას და ფიზიკურ დაზიანებას როგორც თქვენ ვერ ხედავთ, ასე ვერ ვხედავ მეც-მეთქი. არაფერი მომხდარა, სველია ასფალტი და უბრალოდ მომისრიალდა მოპედი-მეთქი და შევწყვიტოთ საუბარი, თქვენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს-მეთქი.

ამაზე მითხრა, რა ტონალობაში მესაუბრებიო, რაზეც ვუთხარი, რომ ჩემი საქმე იყო, რა ტონალობაში ვისაუბრებდი, შეურაცხყოფა არ მომიყენებია და არც ვაპირებ და გთხოვ, უბრალოდ, ჩემთან საუბარი შეწყვიტე-მეთქი. ამაზე კიდევ აუწია ტონს, რაზეც მეც ავუწიე და ვუთხარი, რომ თავი დაენებებინა და მასთან სალაპრაკო არაფერი მქონდა. უცებ ხელებში წამავლო ხელი, გადამიგრიხა, ბორკილები დამადო და მანქანაში ჩამტენეს, ამ დროს თავი მიმარტყმევინეს, კოპიც მაქვს.

ხელზე მომიჭირეს ბორკილები, ოღონდ იმდენად ძლიერად, რომ ცერა თითი ახლაც გაბუჟებული მაქვს. მთელი გზა გამოირჩეოდნენ დამცინავი და შეურაცხმყოფელი ტონით. ვეკითხებოდი, რისთვის მაკავებთ-მეთქი და შეურაცხყოფა მოგვაყენეო. რაზეც ვუთხარი, რომ ასე არ ყოფილია და მათი კამერების ჩანაწერებში შეეძლოთ ნახვა. ამას იქ [განყოფილებაში] გავარკვევთო. არ მპასუხობდნენ სად მივდიოდით და ზარის განხორციელება რომ ვთხოვე, ამაზეც უარი მითხრეს”, – იხსენებს ნანობაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისი თქმით, ის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს დილამდე დაყო ისე, რომ ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა არ მისცემია. დილის 9 საათისთვის კი პირდაპირ სასამართლოში წაიყვანეს, სადაც მოსამართლემ მოითხოვა ჩანაწერები, სადაც გამოჩნდებოდა, რომ ნანობაშვილის პატრულის თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებდა, თუმცა პოლიციელებმა ამის წარდგენა ვერ მოახერხეს, რის გამოც სასამართლო პროცესი 9 აგვისტომდე გადაიდო.

ნანობაშვილი ამბობს, რომ მას არაადამიანურად მოექცნენ და ადვოკატებთან ერთად პროცესის გაგრძელებას გეგმავს.

მისი თქმით, პოლიციამ უთხრა, რომ გამოძიება “სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის” დაიწყო თუმცა მუხლი არ დაუკონკრეტებიათ. “ნეტგაზეთი” აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს. ინფორმაციის მიღების შემდეგ მასალა განახლდება.

“ნეტგაზეთი” ასევე დაუკავშირდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ ნანობაშვილს დაუკავშირდნენ და დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაგვაცნობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი