გაეროს გენერალური მდივანი ანტონი გუტერეში ოდესის პორტზე სარაკეტო ტავდასხმას გმობს. ამის შესახებ განცხადებას გაერო ავრცელებს.
“გენერალური მდივანი ერთმნიშვნელოვნად გმობს დღეს უკრაინაში, ოდესის პორტში დაფიქსირებულ სარაკეტო თავდასხმებს.
გუშინ ყველა მხარემ აიღო მკაფიო ვალდებულება გლობალურ სცენაზე უკრაინული მარცვლეულისა და მასთან დაკავშირებული პროდუქტების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად. ეს პროდუქტები განსაკუთრებით საჭიროა კვების გლობალური კრიზისის მოსაგვარებლად და მილიონობით ადამიანის ტანჯვის შესამსუბუქებლად მთელი მსოფლიოს გარშემო. [შეთანხემბის] სრულად განხორციელება აუცილებელია, რომ [შეთანხმება] სრულად განახორციელოს რუსეთის ფედერაციამ, უკრაინამ და თურქეთმა”, – ნათქვამია გაეროს განცხადებაში.
უკრაინის ცნობით, დღეს, 23 ივლისს რუსეთმა ოდესას 4 რაკეტა ესროლა, მათ შორის 2 მათ შორის ორი უკრაინის საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს, ორი კი ოდესის საზღვაო ვაჭრობის პორტს მოხვდა.
Unian-ის ცნობით, აგრარული პოლიტიკის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ რუსული რაკეტების თავდასხმისას ოდესის პორტიდან მარცვლეულის გაგზავნას გეგმავდნენ. პრესსამსახურის ცნობით მარცვლეული ხვალ ან ზეგ უნდა გაგზავნილიყო.
გუშინ, 22 ივლისს უკრაინამ თურქეთთან და გაეროსთან ხელი მოაწერა შეთანხმებას შავი ზღვის რეგიონიდან ხორბლის ექსპორტის გაგრძელების თაობაზე. ომის დაწყების შემდეგ, რუსული აგრესიისა და პორტების ბლოკირების გამო, უკრაინა ვერ ახერხებდა ხორბლის ექსპორტს.
ოდესის პორტზე თავდასხმის შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სარაკეტო თავდასხმა ვლადიმერ პუტინის მხრიდან თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის და გაეროს გენერალურ მდივან ანტონი გუტერეშისთვის “სახეში შეფურთხებაა”.
სწორედ ისინი შუამდგომლობდნენ ხორბლის ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს.
უკრაინა, რუსეთთან ერთად, მსოფლიოში ხორბლის ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია.
მას შემდეგ, რაც ომისა და სანაოსნო გზების ბლოკირების გამო უკრაინიდან ხორბლის ექსპორტი შეწყდა, მსოფლიოში საკვების ფასები მკვეთრად გაიზარდა.
მნიშვნელოვანი სასურსათო კრიზისის წინაშე დადგნენ ისეთი ქვეყნები, რომლებიც მანამდეც დიდი ეკონომიკური გამოწვევების წინაშე იდგნენ.