ახალი ამბები

უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს არეულობა, ოპერაცია, ომი დავასრულოთ – ლუკაშენკო

22 ივლისი, 2022 •
უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს არეულობა, ოპერაცია, ომი დავასრულოთ – ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მოსკოვი, კიევი და მისი დასავლელი მოკავშირეები უნდა შეთანხმდნენ ომის შეჩერებაზე, რათა მსოფლიომ თავი აარიდოს „ბირთვული ომის საშინელებას“.

„უნდა შევჩერდეთ, მივაღწიოთ შეთანხმებას, დავასრულოთ ეს არეულობა, ოპერაცია და ომი უკრაინაში… დავასრულოთ და შემდეგ როგორმე გავაგრძელებთ ცხოვრებას. უფრო შორს შეტოპვა არ ღირს. უფრო შორს ბირთვული ომის საშინელება დგას. იქითკენ წასვლა არ გვჭირდება“, – განაცხადა ლუკაშენკომ 21 ივლისს სააგენტო „ფრანც პრესთან“ ინტერვიუში.

„ეს [ომის დასრულება] უკრაინაზეა დამოკიდებული… ახლა, ამ კონკრეტულ მომენტში,  შესაძლოა ომი უკრაინისთვის უფრო მისაღები პირობებით დასრულდეს. მაგრამ უკრაინას ომის დასრულების უფლებას არავინ მისცემს“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა უნდა დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და დათანხმდეს, რომ „არასოდეს დაემუქრება რუსეთს და არ განათავსებს იარაღს თავის ტერიტორიაზე, რათა საფრთხე არ შეუქმნას რუსეთის ტერიტორიას“.

„ეს არის მთავარი. დენაციფიკაცია და ა.შ. უბრალოდ ფილოსოფიური საკითხებია. დამიჯერეთ. მთავარი რუსეთის უსაფრთხოებაა“, – თქვა ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტი ომის დაწყებაში კვლავ დასავლეთს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მას რუსეთთან კონფლიქტი სურდა და ომის პროვოცირება მოახდინა, ხოლო ამ ყველაფრის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, მოსკოვისთვის რომ „უსაფრთხოების გარანტიები“ მიეცათ.

რუსეთის ფედერაცია უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინაში ბელარუსიდან შეიჭრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი