ახალი ამბები

ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპარლამენტარებს შეხვდნენ – რაზე ისაუბრეს მხარეებმა

20 ივლისი, 2022 • 543
ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპარლამენტარებს შეხვდნენ – რაზე ისაუბრეს მხარეებმა

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდნენ საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებს.

შეხვედრაზე განხილული იყო ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების საკითხი.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ევროპარლამენტის წევრების მთავარი გზავნილი იყო, რომ ოპოზიცია სრულად უნდა შეუერთდეს ყველა ფორმატს, სადაც ხდება 12- პუნქტიან გეგმაზე მუშაობა.

„ერთადერთი სწორი გამოსავალია, რომ ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ არ მისცეს  არგუმენტი ხელში, რომ შემდგომში ოპოზიცია დაადანაშაულოს 12 პუნქტის არშესრულებაში. უნდა დავსხდეთ მაგიდასთან და ვიმუშაოთ ამ 12 პუნქტის შესრულებაზე და თუ ვიღაც არ შეასრულებს ამ პუნქტებს, ესეც გავხადოთ საჯარო და ვუთხრათ საზოგადოებას“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე კი აცხადებს, რომ ევროპარლამენტარებს მათი სამოქმედო გეგმა გააცნეს. ვაშაძის თქმით, “სტრატეგია აღმაშენებელი” მზადაა, დაუყოვნებლივ მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო რიგგარეშე სხდომაში, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” ჩაშალა. ვაშაძის თქმით, მონაწილეობს არ აპირებს პროცესში, რომელიც წინაპირობებითაა გაჯერებული, რომ 12-პუნქტიანი გეგმა არ უნდა შეეხოს ბიძინა ივანიშვილს დეოლიგარქიზაციის ნაწილში, სასამართლოში კლანი არ არსებობს და ა.შ.

მისი თქმით, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად შეიმუშავებენ კანონპროექტებს, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაწერილი 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება. ვაშაძის თქმით, ეს იქნება ალტერნატიული პროცესი, რისი აუცილებლობაც მას შემდეგ დადგა, რაც “ოცნებამ” რიგგარეშე სხდომაზე უარი განაცხადა.

დეპუტატ თამარ კორძაიას განცხადებით, ევროპელი პარლამენტარების პოზიციაა, რომ “ოცნების” გადაწყვეტილება რიგგარეშე სხდომის ჩაშლის თაობაზე არის ცუდი, თუმცა ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ არ დათმოს ევროპული პერსპექტივა და მონაწილეობა მიიღოს ყველა ფორმატში, რომელიც 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას შეეხება. კორძაიამაც განაცხადა, რომ აპირებს კონსულტაციებს არასამთავრობო სექტორთან შესაბამისი კანონპროექტების მოსამზადებლად, რის შემდეგაც, მისი თქმით, ვერანაირი რეფორმა ვერ განხორციელდება “ქართული ოცნების” გარეშე.

საპარლამენტო ოპოზიციიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“,  პოლიტიკური ჯგუფების – „„ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“, „მოქალაქეების“, „გირჩის“, „რეფორმების ჯგუფის“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები, ასევე, უფრაქციო პარლამენტის წევრები.

მასალების გადაბეჭდვის წესი