თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებით უფრო მკაცრად დაისჯება ჯანსაღი ხეების მიზანმიმართული გაფუჭება, მისი მოჭრისა და შემდეგ იმ ადგილას რაიმეს აშენების მიზნით.
„ჩვენ გვაქვს ბევრი შემთხვევა, როდესაც ხდება ხეების მოჭრა, დაზიანება, ჯანსაღი ხეების მიზანმიმართული გაფუჭება, რათა შემდეგ მოიჭრას და რაიმე აშენდეს. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს მივმართეთ საკანონმდებლო ცვლილების თხოვნით, ხოლო ეს ცვლილებები ძალაში შევიდა 19 ივლისიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ 20 ივლისს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
კალაძის განცხადებით, ცვლილებები ითვალისწინებს მწვანე ნარგავების დაზიანების, თვითნებურად გაჩეხვის შემთხვევაში, ასევე, მოვლა-აღდგენის წესების დარღვევისთვის ჯარიმის გამკაცრებას. კერძოდ:
- პირველ შემთხვევაში ჯარიმა იქნება 5000 ლარი, – როცა აქამდე მოქმედი კანონის რედაქციით, ეს თანხა იყო 500 ლარი.
- ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა იქნება 10 000 ლარი, ნაცვლად აქამდე არსებული 1000 ლარისა.
„ამასთან, პირი, რომელიც მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე გასცემს არასწორ დასკვნას, პირველ ჯერზე დაჯარიმდება 10 000 ლარით, შემდეგ კი შეიძლება ლიცენზიაც ჩამოერთვას და საქმიანობაც აეკრძალოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მერის განმარტებით, მერიის პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც „არასწორი შეფასების გაცემა ხდება ნარგავებზე“:
„ბევრჯერ იყო შემთხვევა, რომ ლიცენზირებული კომპანიებისგან იყო გაცემული ნებართვა, თითქოს არსებულ ტერიტორიაზე ნარგავები ცუდ მდგომარეობაში იყო და შესაძლებელი იყო მათი მოჭრა. თუმცა, როდესაც ჩვენმა სამსახურებმა შეისწავლეს ნარგავები, აღმოჩნდა, რომ ისინი აბსოლუტურად ჯანმრთელები იყვნენ“.
კალაძის თანახმად, თბილისის მერიამ მიმართა საქართველოს მთავრობასაც, რომელმაც „მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, შენობის განთავსება იმ ნაწილზე, სადაც მწვანე ნარგავების უნებართვო განადგურება მოხდა, დაუშვებელი იქნება“.