ახალი ამბები

„მოვისმინეთ უკრაინის კანონმდებლობის პრეზენტაცია“ – პარლამენტში დეოლიგარქიზაციაზე შეხვედრა გაიმართა

19 ივლისი, 2022 •
„მოვისმინეთ უკრაინის კანონმდებლობის პრეზენტაცია“ – პარლამენტში დეოლიგარქიზაციაზე შეხვედრა გაიმართა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დეოლიგარქიზაციის შესრულების თაობაზე საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.

კერძოდ, შეხვედრაში „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ „მოქალაქეების“, „გირჩის“, „საქართველოსთვის“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები.

როგორც შეხვედრის შემდეგ პაპუაშვილმა განაცხადა, უკრაინაში დეოლიგარქიზაციის შესახებ მიღებული კანონიც განიხილეს. მისი თქმით, უკრაინულ კანონს უპირატესობა აქვს, რადგან ქართულ პოლიტიკურ სუბიექტივიზმს მოწყვეტილია და ურთიერთბრალდებებისთვის ნაკლებ სივრცეს ტოვებს.

„დღეს გვქონდა პირველადი შეხვედრა. ამ პროცესის ხელმძღვანელი იქნება იურიდიულ საკითხთა კომიტეტი და კომიტეტის თავმჯდომარე. დეოლიგარქიზაციის საკითხი საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებით არის რეკომენდაციებში. უკრაინის შემთხვევაში, რეკომენდაციებში საუბარია არსებული კანონის იმპლემენტაციაზე, ვინაიდან უკრაინაში ეს კანონი მიღებულ იქნა შარშან შემოდგომაზე და მხოლოდ მიმდინარე წლის მაისში ამოქმედდა. ამიტომ რეკომენდაცია არის იმპლემენტაცია.

აქედან ჩვენ შეგვიძლია დაახლოებით ვივარაუდოთ, რა შეიძლება იგულისხმებოდეს ჩვენი რეკომენდაციის შემთხვევაში. ასევე, განვიხილეთ უკრაინული კანონი, მისი პრინციპები, როგორ მოქმედებს, რა კრიტერიუმებია. მას აქვს უპირატესობა იმ კუთხით, რომ მოწყვეტილია ქართულ პოლიტიკურ სუბიექტივიზმს და ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, ამ ტერმინმა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შიდა პოლიტიკაში გამოიწვია ამ ტერმინის ინსტრუმენტალიზირება და აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო გააღრმავა რადიკალური ჯგუფების მხრიდან პოლიტიკაში დესტრუქციის შემოტანის სურვილი.

ეს არის კანონი, რომელიც ამ ქართული პოლიტიკური სუბიექტივიზმისგან მოწყვეტილად, უცხოური რეკომენდაციითა და პრაქტიკით არის შედგენილი, რომელიც მოწონებულია, მათ შორის, ევროკავშირი მოუწოდებს, რომ ეს კანონი იქნას იმპელმენტირებული, ამიტომ, ამ კანონის გადმოღება შეიძლება იყოს იმ კუთხით კარგი, რომ არ გამოიწვიოს შემდეგ რაიმე ურთიერთბრალდებები, რომ კანონი ვიღაცას ერგება ან არ ერგება“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ევროკომისიის მიერ უკრაინისთვის გაცემული რეკომენდაციიდან გამომდინარე ნათელია, რომ მათი სურვილია ამ კანონის იმპლემენტაცია და, შესაბამისად, თუკი ევროკომისიის მიზანია უკრაინაში ამ კანონის იმპლემენტაცია, ლოგიკურია, რომ საქართველოსთან დაკავშირებითაც ამ კანონის მიღებაც და იმპლემენტაციაც უნდა იყოს სწორი.

„უკრაინული მოდელი ეფუძნება ოთხ ძირითად კომპონენტს. პირველი, ეს გახლავთ პოლიტიკაში ჩარევის კომპონენტი შესაბამისი პირის მხრიდან. მეორე, ეს არის დიდი ოდენობით ფინანსური რესურსი, რომელიც გამოითვლება საარსებო მინიმუმი გამრავლებული ერთ მილიონზე. მესამე, ეს არის გავლენა მედიაზე და მეოთხე – დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე. ამ ოთხი კომპონენტიდან თუ სამი იქნება დაკმაყოფილებული, უკრაინული მოდელით, პირი მიჩნეული იქნება ოლიგარქად. დგება რეესტრი და ხდება ამ პირების რეესტრში შეყვანა. ამ გადაწყვეტილებას იღებს უკრაინის მთავრობა, რომელსაც საბოლოოდ აფორმებს პრეზიდენტი“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

პარტიის „საქართველისთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, შეხვედრაზე უკრაინული კანონის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ქართულ რეალობას მორგებული არ არის. ბუჩუკურის თქმით, მისი გუნდისთვის მნიშვნელოვანია არა უკრაინული კანონის გადმოკოპირება, არამედ საქართველოში არსებული კონტექსტის გათვალისწინება.

„დღევანდელ შეხვედრაზე ორი მნიშვნელოვანი საკითხი დაისვა ჩვენი გუნდის მხრიდან. პირველი, ეს არის უკანონოდ კონცენტრირებული ძალაუფლების დემონტაჟი. რაც შეეხება კონკრეტულ კანონს, დღეს პრეზენტაცია ვიხილეთ უკრაინაში არსებული კანონის. ჩვენი გუნდის პოზიციაა, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ნებისმიერი ქვეყნის რაღაც კანონის ასლის გაკეთება, უბრალოდ, არის ფორმალური მიზნებისთვის გაკეთებული კანონი. ამოსავალი უნდა იყოს იმ უკანონოდ კონცენტრირებული ძალაუფლების დემონტაჟი, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ქვეყანაში გვაქვს“, – აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.

„მოქალაქეების“ თავმჯდომარის, ალექსანდე ელისაშვილის განცხადებით, უკრაინული კანონის პირდაპირ გადმოტანა არ უნდა მოხდეს, რადგან იქ ბევრი ხარვეზი და გაურკვევლობაა.

„უკრაინაში თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, ვინ არის ოლიგარქი და ეს საბჭო წყვეტს, შეიტანონ თუ არა ესა თუ ის ადამიანი ოლიგარქთა რეესტრში, ეს ძალიან გაუგებარია. ასევე, საჯარო მოხელეებს ეკრძალებათ ოლიგარქთან კომუნიკაცია, რაც ასევე გაუგებარია. ამ კომუნიკაციას თუ დამალავენ, ამას ვინ აკონტროლებს? საინტერესო იქნებოდა, ვენეციის კომისიის დასკვნა მოგვესმინა. ახლა შევთანხმდით, რომ ჩვენს მოსაზრებებს წარვუდგენთ. ჩემი პოზიციაა, რომ ქართულ რეალობას მოვარგოთ კანონი“, – აღნიშნა ალექსანდე ელისაშვილმა.

„ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, საქართველოში ამ კანონის მიღება არ წარმოადგენს არავითარ აუცილებლობას, თუ ყველა სხვა კანონი შესრულდება.

„თუ ეს კანონები და სახელმწიფო ინსტიტუტები, როგორიც არის პროკურატურა და სასამართლო, პირნათლად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, ოლიგარქიული კანონის მიღების არავითარი საჭიროება არ არსებობს“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

„გირჩის“ წევრის, ჰერმან საბოს განცხადებით, უკრაინული კანონი ძალიან ბევრი თვალსაზრისით ხარვეზიანია და ვენეციის კომისიას მასზე  შეფასება არ დაუდია.

„12 პუნქტი მიმართულია იმისკენ, რომ ხელისუფლების ვერტიკალი შევამციროთ. ჩვენ ამ კანონით კი, კიდევ უფრო გავაძლიერებთ ხელისუფლების გავლენას და მომავალ ხელისუფლებებს შესაძლებლობა ექნებათ, ოპოზიციონერებს ამ კანონით რაღაც პრობლემები შეუქმნათ. ამიტომ, სამუშაო ჯგუფის მიზანი უნდა იყოს სტრუქტურული ცვლილებების მომზადება, რომელიც გამორიცხავს ერთპიროვნულ მმართველობას. ჩვენთვის დეოლიგარქიზაციად ჩაითვლებოდა ის, თუ ხელისუფლება ბუნებრივ ბარიერსა და სრულად პროპორციულ არჩევნებზე წამოვიდოდა. ეს იმის საფუძველია, რომ მომავალში ოლიგარქიული მმართველობა გამოირიცხოს“, – აღნიშნა ჰერმან საბომ.

დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დადგენილი 12-პუნქტიანი რეკომენდაციებიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი