ახალი ამბები

ბაირაქტარის თქმით, სამხედრო დრონებს რუსეთს არასდროს მიაწვდიან

19 ივლისი, 2022 •
ბაირაქტარის თქმით, სამხედრო დრონებს რუსეთს არასდროს მიაწვდიან

Bayraktar TB2-ის ტიპის საბრძოლო დრონების მწარმოებელი კომპანიის, Baykar-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, კომპანიას რუსეთისთვის არაფერი მიუწოდებია და არც მომავალში მიაწვდის. აღნიშნულის შესახებ ჰალუქ ბაირაქტარმა ტელეკომპანია CNN-ის ეთერში ისაუბრა.

წამყვანმა აღნიშნა ფაქტი, რომ თურქეთს კარგად ჩამოყალიბებული სავაჭრო ურთიერთობა აქვს უკრაინასთან, თუმცა ასევე აქვს ურთიერთობა რუსეთთან და ჰკითხა ჰალუქ ბაირაქტარს, მიუწოდებია თუ არა Baykar-ს რუსეთისთვის ხსენებული დრონები ან განიხილავს თუ არა ამის შესაძლებლობას სამომავლოდ.

“თურქეთსა და უკრაინას აქვს სტრატეგიული ურთიერთობები, განსაკუთრებით, აეროკოსმოსურ და თავდაცვის სფეროში. საუბარია წლების ძალისხმევაზე.

თურქეთი მხარს უჭერს უკრაინას სამხედრო დრონების ტექნოლოგიით და ჩვენ უკრაინისგან  ვყიდულობთ ტურბინის ძრავებს ჩვენი დრონებისთვის.

ასე რომ, ვაშენებთ მომგებიანი ურთიერთობის მოდელს უკრაინასთან, რომელიც სარგებელს მოუტანს ორ ქვეყანას. ამრიგად, ამ მხრივ, მხოლოდ უკრაინას ვუჭერთ მხარს ამ ტექნოლოგიაში”, — დასძინა საპასუხოდ Baykar-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

წამყვანის განმეორებით კითხვას, მოამარაგებდა თუ არა კომპანია რუსეთსაც, ბაირაქტარმა ასე უპასუხა:

“ასეთი რამ არ გაგვიკეთებია, არაფერი მიგვიწოდებია და არაფრით მოგვიმარაგებია ისინი. ჩვენ არც არასოდეს გავაკეთებთ ასეთ რამეს, რადგან მხარს ვუჭერთ უკრაინას, მხარს ვუჭერთ მის სუვერენიტეტს და მხარს ვუჭერთ მის წინააღმდეგობას დამოუკიდებლობისთვის”.

ბაირაქტარის სიტყვებით, უკრაინა დღეს მძიმე აგრესიის ქვეშაა და შეტევა ხორციელდება “სამოქალაქო სტრუქტურებზე, კულტურასა და ყველაფერზე”.

“ჩვენ ვამაყობთ და ძალიან ამაღელვებელია, ვიყოთ უკრაინის ამ დიდი წინააღმდეგობის ერთ-ერთი სიმბოლო”, — დასძინა მან.

თურქული წარმოების Bayraktar TB2 დარტყმის უპილოტო საფრენი აპარატია, რომელიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ წარმოებულ ომში აქტიურად გამოიყენეს.

ბაირაქტარს, რომელიც 2015 წლიდან გამოიყენება, შეუძლია ჰაერში დაახლოებით 24 საათის განმავლობაში გაჩერება და მართვადი საბრძოლო მასალის სროლა – 2,5-დან 37,5 კილოგრამამდე.

ივნისში Baykar-მა განაცხადა, რომ უკრაინას უფასოდ გადასცემდა დრონებს, რომელთა საყიდლად საჭირო თანხა მოქალაქეებმა შეაგროვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი