2026 წლამდე სახელმწიფო სექტორში შრომის ანაზღაურება ყოველწლიურად 10%-ით გაიზრდება.
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის თქმით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების განსაზღვრის პრინციპებზე.
„გასულ წელს, როდესაც ბიუჯეტი დამტკიცდა, განსაზღვრული იყო გარკვეული პრინციპები, თუ როგორ უნდა მოწესრიგებულიყო საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების ნაწილი. მთავრობას დაევალა, პარლამენტისთვის წარედგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს საჯარო სამსახურში ხელფასების მოწესრიგება. ეს გარკვეულ პრინციპეზე უნდა იყოს დაფუძნებული.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გვქონდა მსჯელობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და განისაზღვრა ის ძირითადი პრინციპები, როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული საკითხების დარეგულირება გრძელვადიან პერიოდში. განისაზღვრა გარკვეული მიმართულებები, თუ რას უნდა ეფუძნებოდეს საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების ნაწილი“, — განაცხადა ხუციშვილმა.
მისი თქმით, 2026 წლის 1 იანვრიდან საბაზისო თანამდებობრივი სარგო უნდა განისაზღვროს იმ პროცენტული მაჩვენებლით, რა პროცენტულადაც ბოლო ოთხი კვარტლის განმავლობაში გაიზრდება არასახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასი და 2026 წლიდან საბაზო თანამდებობრივი სარგო უნდა განისაზღვროს ისე, რომ საშუალო ხელფასი სახელმწიფო სექტორში არ იყოს არასახელმწიფო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის 80%-ზე ნაკლები და 90%-ზე მეტი.
„ანუ განისაზღვრა ის დიაპაზონი, რა დიაპაზონშიც უნდა იყოს საჯარო სამსახურში ხელფასების საშუალო დონე. დღევანდელი მოცემულობით გვაქვს სიტუაცია, როდესაც საჯარო სამსახურში ხელფასების საშაულო დონე დაახლოებით 74%-ს შეადგენს კერძო სექტორთან მიმართებაში, რაც ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
კრიტერიუმები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ნიშნავს იმას, რომ 2026 წლამდე საჯარო სამსახურში ხელფასების ოდენობა გაიზრდება დაახლოებით 10%-ით ყოველწლიურად იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას ის პარამეტრები, რომელზეც გვქონდა საუბარი. 2023-24-25 წლებში საშუალო ხელფასი, საბაზისო ხელფასი უნდა გაიზარდოს დაახლოებით 10%-ით ყოველწლიურად საჯარო სექტორში“, — განაცხადა ხუციშვილმა და დასძინა, რომ აღნიშნული პარამეტრები ბიუჯეტის შესახებ კანონში აისახება.