H&M, რომელიც სიდიდით მეორეა მოდური ტანსაცმლით საცალო მოვაჭრეთა შორის, აცხადებს, რომ წყვეტს ბიზნესს რუსეთში. ამ ფორმით H&M უერთდება იმ კომპანიების რიგებს, რომლებიც საბოლოოდ გავიდნენ ხსენებული ქვეყნიდან.
კომპანიამ რუსეთში საქმიანობა მარტში, ამ უკანასკნელის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ შეაჩერა. სააგენტო Reuters-ის თანახმად, მანამდე რუსეთი H&M-სთვის მეექვსე უმსხვილეს ბაზარს წარმოადგენდა.
“ყურადღებით განხილვის შემდეგ შეუძლებლად მიგვაჩნია რუსეთში ჩვენი ბიზნესის გაგრძელება არსებული სიტუაციიდან გამომდინარე”, — აღნიშნულია H&M-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჰელენა ჰელმერსონის განცხადებაში.
კომპანია აპირებს, დროებით, შეზღუდული ვადით გახსნას თავისი მაღაზიები რუსეთში, რათა პროდუქციის დარჩენილი მარაგი გაყიდოს. Reuters-ის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ კომპანიას რუსეთში ბიზნესის შეწყვეტა $191.3 მილიონი დაუჯდება.
უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთში მრავალმა საერთაშორისო კომპანიამ შეაჩერა საქმიანობა.