იმ ფონზე, როცა ევროკავშირის ქვეყნები ცდილობენ რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი 18 ივლისს ბაქოში მიემგზავრება. ცნობა ევროკავშირის ერთ-ერთი საკვანძო ინსტიტუტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ევროკომისიის სიტყვებით, მაშინ, როცა რუსეთი თავის ენერგეტიკულ რესურსებს იარაღად იყენებს, ევროკავშირისთვის მთავარი პრიორიტეტია აღნიშნული რესურსის დივერსიფიცირება.
“ორშაბათს, 18 ივლისს, კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ენერგეტიკის საკითხებში კომისარი კადრი სიმსონი აზერბაიჯანში იქნებიან, რათა კიდევ უფრო გააძლიერონ არსებული თანამშრომლობა ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის”, — აღნიშნავს ევროკომისია.
სააგენტო Reuters-ის მიერ 14 ივლისს ნანახი დოკუმენტის პროექტის მიხედვით, კომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს შესთავაზა აზერბაიჯანთან შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ბუნებრივი აირის იმპორტის გაზრდას ამ ქვეყნიდან და შესაბამისი მილსადენის გაფართოებისადმი მხარდაჭერას.
ტრანსადრიატიკის მილსადენით, რომელიც სამხრეთის გაზის დერეფნის მილსადენის ქსელის ბოლო ნაწილია, გასულ წელს 8 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი აზერბაიჯანული გაზი შევიდა ევროპის ქვეყნებში, მაგალითად, იტალიაში.