მოსკოვის შემოგარენში დააკავეს რუსეთის „პირველი არხის“ ახალი ამბების ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა, რომელმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრა პირდაპირ ეთერში გააპროტესტა.
Avtozak LIVE-ის ინფორმაციით, ოვსიანიკოვას დაკავება 15 ივლისს კრემლის სანაპიროზე გამართულ აქციას უკავშირდება, რომელშიც მონაწილეობას მხოლოდ ჟურნალისტი იღებდა. გამოცემა წერს, რომ ოვსიანიკოვას ხელში ბანერი ეჭირა წარწერით „პუტინი მკვლელია, მისი ჯარისკაცები კი ფაშისტები. 352 ბავშვი დაიღუპა, კიდევ რამდენი ბავშვი უნდა დაიღუპოს იმისთვის, რომ გაჩერდეთ?“.
რუსეთის “პირველი არხის” ახალი ამბების აწ უკვე ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა 14 მარტს შევარდა მთავარი საინფორმაციო გამოშვების ეთერში პლაკატით, რომელზეც ეწერა „შეაჩერეთ ომი“, „არ დაუჯეროთ პროპაგანდას“ და „აქ თქვენ გატყუებენ“.
მან სოციალურ ქსელში ასევე გამოაქვეყნა წინასწარ ჩაწერილი ვიდეო, სადაც ბოდიშს იხდის წლების განმავლობაში კრემლის პროპაგანდისტულ ტელევიზიაში მუშაობისთვის და უკრაინაში ომის დაწყებაში პუტინს ადანაშაულებს.
ოვსიანიკოვა დააკავეს. მის წინააღმდეგ უშუალოდ პლაკატის გამო საქმე არ აღძრულა, თუმცა 30 000 რუბლით დააჯარიმეს წინასწარ ჩაწერილი ვიდეოს გამო.
დაკავებისა და ტელევიზიიდან გათავისუფლების შემდეგ, ოვსიანიკოვამ რუსეთი დატოვა და 3 თვე გერმანული გამოცემისთვის “Die Welt” იმუშავა.
ივლისის დასაწყისში ოვსიანიკოვამ თქვა, რომ რუსეთში ბრუნდებოდა თავისი 11 წლის ქალიშვილTan დაკავშირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეობის მისაღებად. მისი თქმით, ყოფილმა ქმარმა, რომელიც პროპაგანდისტულ RT-ში მუშაობს, ომის საწინააღმდეგო პროტესტის შემდეგ სასამართლოში უჩივლა და მოითხოვა, რომ ბავშვმა მასთან, მოსკოვში იცხოვროს.
რამდენიმე დღის წინ მარინა ოვსიანიკოვამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მის წინააღმდეგ ახალი საქმე აღძრეს არმიის დისკრედიტაციის მუხლით.