ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“რუსეთისთვის ბიჭვინთის ობიექტების 49 წლით გადაცემა უსაფრთხოა” | “ამცახარა”

15 ივლისი, 2022 •
“რუსეთისთვის ბიჭვინთის ობიექტების 49 წლით გადაცემა უსაფრთხოა” | “ამცახარა”

აფხაზეთის პოლიტიკური პარტია “ამცახარა” რუსეთისთვის ბიჭვინთაში გარკვეული ობიექტების გადაცემის თემაზე აფხაზეთის საზოგადოებისა და ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ აცხადებს, რომ ორმხრივი შეთაბხმების საფუძველზე ტერიტორიების 49 წლით გასხვისება საფრთხეს არ წარმოადგენს.

“აღნიშნულ საკითხზე სხვადასხვა აზრი გამოითქვა. ამასთან, ოპოზიციის წარმომადგენლები აქტიურად საუბრობენ ტერიტორიების გასხვისებაზე. მოვუწოდებთ მათ, ყურადღებით შეისწავლონ საკითხი, სადაც მკაფიოდ დაფიქსირებულია, რომ მიწის გადაცემა ხდება 49 წლით. აფხაზეთის კონსტიტუციის თანახმად, მიწა აფხაზეთის მოსახლეობის საკუთრებაა და ვერ იქნება ყიდვა-გაყიდვის საგანი. ვფიქრობთ, ოპოზიციური ძალები ცდილობენ ეს თემა პირადი ინტერესებისა და პოლიტიკური ქულებისთვის გამოიყენონ”.

ასევე, პოლიტიკურ პარტიაში იმედს გამოთქვამენ, რომ აფხაზეთის “ეროვნული კრება” [პარლამენტი] “სტრატეგიულად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს”, საუბარია აფხაზეთსა და რუსეთის მთავრობებს შორის შეთანხმების რატიფიცირებაზე დე ფაქტო პარლამენტის მიერ.

აფხაზეთსა და რუსეთის მთავრობებს შორის შეთანხმება ითვალისწინებს ბიჭვინთაში საზღვაო აკვატორიის ნაწილისა და სანაპირო ზოლის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემას.

აფხაზური მხარის ცნობით, საუბარია შეთანხმებზე, რომელსაც ხელი მოეწერა მოსკოვში 2022 წლის 19 იანვარს  და ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციისთვის უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემას; ასევე, საზღვაო აკვატორიის მონაკვეთისა და მასთან არსებული სანაპიროების იჯარით გადაცემას.

აფხაზური მხარე გეგმავს, რუსეთს ბიჭვინთის ტერიტორიები გადასცეს

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი