ახალი ამბები

რუსეთმა მიკოლაევში უნივერსიტეტები დაბომბა — ვიტალი კიმი

15 ივლისი, 2022 •
რუსეთმა მიკოლაევში უნივერსიტეტები დაბომბა — ვიტალი კიმი

უკრაინის სამხრეთში მდებარე ქალაქ მიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის თანახმად, რუსეთის ძალებმა ქალაქის “ორი უდიდესი უნივერსიტეტი” დაბომბეს. ვიტალი კიმი ავრცელებს ვიდეოსაც, რომელშიც, მისი ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანზე შეტევის მომენტია ასახული.

“სულ მცირე, 10 რაკეტა. ახლა ისინი ჩვენს განათლებას უტევენ. ვთხოვ უნივერსიტეტებს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, რომ უწოდონ რუსეთს ის, რაც არის — ტერორისტი”, — წერს ვიტალი კიმი “ტვიტერზე”.

მოგვიანებით მიკოლაევის მერმა ოლექსანდრ სიენკოვიჩმა “ტელეგრამზე” დაწერა, რომ დაბომბვის ადგილებზე უკვე მუშაობენ სამაშველო ჯგუფები და ამ დროისთვის საუბარია ორ დაჭრილზე.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი ასევე “ტერორისტულ სახელმწიფოდ” მოიხსენია უკრაინის ქალაქ ვინიცაში სამოქალაქო ობიექტებზე განხორციელენბული დარტყმების შემდეგ, რასაც 23 ადამიანი შეეწირა.

საჯარო განცხადებებში მოსკოვი უარყოფს სამოქალაქო ობიექტების მიზანში ამოღებას.

ამასთან, ვაშინგტონში მოქმედი “ომის შესწავლის ინსტიტუტის” ინფორმაციით, ხუთშაბათს რუსეთის ძალებმა მცირე შეტევები განახორციელეს ქალაქების — სლავიანსკის, სივერსკისა და ბახმუტის” გარშემო. ანალიტიკური ცენტრის თქმით, სავარაუდოდ, კრემლი მალე გააძლიერებს თავდასხმებს ხსენებულ არეალში.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს ომს.

ქვეყანაში რუსეთის ძალების შეჭრის შედეგად დაღუპულია ათასობით ადამიანი. 10 მილიონამდე უკრაინელი იძულებული გახდა, შეეცვალა საცხოვრებელი ადგილი, მათი ნაწილი კი სხვა ქვეყანაში გადავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი