ახალი ამბები

თურქეთში წამლები ძვირდება, რა გავლენა ექნება ამას საქართველოზე

14 ივლისი, 2022 •
თურქეთში წამლები ძვირდება, რა გავლენა ექნება ამას საქართველოზე

თურქეთში სამედიცინო მედიკამენტების ფასი იზრდება.

თურქეთის ოფიციალური საკანონმდებლო გაზეთის თანახმად, სადაც ქვეყნის მთავრობისა და პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ქვეყნდება, ადამიანის მოხმარების სამკურნალო საშუალებებზე ფასწარმოქმნის შესახებ გადაწყვეტილებაში ცვლილებები შევიდა, რის შემდეგაც ქვეყანაში წამლების ფასი გაძვირდა.

საქმე ისაა, რომ თურქეთში წამლების ფასები ფიქსირებულია და მწარმოებელსა და გამყიდველს არ შეუძლიათ წამლის თვითღირებულებაზე დამატებით დაწესებული მოგების მარჟაზე უფრო ძვირ ფასში ვაჭრობა.

ცვლილებების თანახმად, ფიქსირებული ფასის განსაზღვრისთვის აიღეს 2022 წლის ივლისის თვის ევროს გაცვლითი კურსი, რაც ეროვნული ვალუტის, ლირის გაუფასურების გამო, 25 პროცენტით მეტია ბოლოს აღებულ ფიქსირებულ ნიშნულზე. სწორედ ამან გამოიწვია ფასების ზრდაც.

ცვლილებების მიხედვით, ასევე გაიზარდა წამლების ბიზნესში სახელმწიფოს მიერ დაწესებული მოგების მარჟის მაქსიმუმიც.

10 ლირამდე ღირებულების წამლებზე საწყობის მოგების მარჟა 9 პროცენტით, ხოლო აფთიაქის შემთხვევაში სამი პროცენტით გაიზარდა და 28 პროცენტი შეადგინა.

28-პროცენტიანი მოგების მარჟა დაწესდა ყველა იმ წამალზეც, რომელიც 100 ლირაზე ნაკლები ღირს.

მოგების მარჟა იმ წამლებისთვის, რომელთა ღირებულება 100 ლირიდან 200 ლირამდე მერყეობს, აფთიაქების შემთხვევაში 2 პროცენტით გაიზარდა და 18 პროცენტი შეადგინა.

200 ლირაზე ძვირადღირებული წამლებისთვის მოგების მარჟა ნაცვლად 12-სა, 13 პროცენტი იქნება.

საქართველოს მთავრობამ, ქვეყანაში წამლების გაიაფების მიზნით, თურქული ფარმაცევტული პროდუქციისთვის ბაზარი გახსნა, რასაც წამლების ნაწილის გაიაფება მოჰყვა.

საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ლევან გოგიბერიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ თურქეთში მედიკამენტები გაძვირდება, ეს, სავარაუდოდ, ფასებს საქართველოშიც გაზრდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი