ახალი ამბები

ვეგანმა პატიმარმა ციხის საკვებზე სახელმწიფოს დავა მოუგო

13 ივლისი, 2022 • 1040
ვეგანმა პატიმარმა ციხის საკვებზე სახელმწიფოს დავა მოუგო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი პატიმრის საქმეზე, რომელიც საპატიმროში ყოფნის დროს ვერ იღებდა მცენარეული საკვების საკმარის ოდენობას, მსოფლმხედველობის (ვეგანობის) გამო დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა და სახელმწიფოს დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება.

იგი ზიანის ასანაზღაურებლად 5 000 ლარს მიიღებს. პატიმრის უფლებებს საია იცავდა.

2019 წელს მოსარჩელე მოათავსეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 დაწესებულებაში. ციხეში მოხვედრისთანავე ადმინისტრაციას აცნობა, რომ არის ვეგანი (ამდენად, იკვებება მხოლოდ მცენარეული ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებით) და ითხოვა სპეციალური კვების რაციონით უზრუნველყოფა.

თუმცა, სხვა პატიმრებისაგან განსხვავებით, დაწესებულებაში ვეგანებისთვის არ არსებობდა მათ მოთხოვნებზე მორგებული მენიუ. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვეგანი პატიმარი იძულებული იყო, ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებული საკვებიდან აერჩია მხოლოდ ის მცირე ნაწილი, რაც თავსებადი იყო მის მსოფლმხედველობასთან, რის შედეგადაც ვერ იღებდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საკმარის კომპონენტებს (ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, მინერალურ ნივთიერებებსა და ვიტამინებს).

ხსენებულიდან გამომდინარე, მოსარჩელე დავობდა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის მთელი დროის განმავლობაში იყო მსოფლმხედველობის, კერძოდ, ვეგანობის ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანახმად, აღნიშნული საქმე მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ უშუალოდ მოსარჩელის დარღვეული უფლებების აღდგენა, არამედ მიღებული გადაწყვეტილება გახდება პენიტენციურ დაწესებულებებში კვების საკითხებთან დაკავშირებული რეგულაციების გადახედვის საფუძველი.

ეს არის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება, რომელშიც სასამართლომ ვეგანობის ნიშნით დაადგინა დისკრიმინაცია. მოპასუხეებს შეუძლიათ გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი