მწერალ ხალიდ ჰოსეინის შვილმა საჯაროდ განაცხადა (coming out), რომ ტრანსგენდერი ქალია. აღნიშნულის შესახებ ავღანური წარმოშობის ამერიკელი მწერალი სოციალურ ქსელში წერს, საუბრობს რთულ გზაზე, რომელიც მისმა შვილმა გაიარა და დასძენს, რომ არასდროს ყოფილა ჰარისით ასე ამაყი.
“ჰარისის მოგზაურობის შესახებ გასული წლიდან ვიცი და ვაკვირდებოდი, როგორ იკვლევდა გზას ძალიან რთულ პერსონალურ დროს.
ტრანზიცია ხომ ასეთი რთულია, — ემოციურად, ფიზიკურად, სოციალურად თუ ფსიქოლოგიურად, — მაგრამ ჰარისი თითოეულ გამოწვევას შეხვდა ღირსებით, მოთმინებითა და სიბრძნით.
როგორც მამა, არასდროს ვყოფილვარ მისით ასე ამაყი. მოხარული ვარ, რომ ახლა არა ერთი, არამედ ორი ლამაზი ქალიშვილი მყავს. ყველაზე მეტად შთაგონებული ვარ ჰარისის უშიშრობით, მისი გამბედაობით, გაეზიარებინა სამყაროსთვის თავისი ნამდვილი იდენტობა.
მან მე და ჩემს ოჯახს ძალიან ბევრი გვასწავლა სიმამაცისა და ჭეშმარიტების შესახებ; იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს, იცხოვრო ავთენტურად.
ვიცი, რომ ეს პროცესი მისთვის მტკივნეული იყო, მწუხარებითა და შფოთვით სავსე. ის თვალს უსწორებს სისასტიკეს, რომელსაც ტრანს ადამიანები ყოველდღიურად აწყდებიან. მაგრამ ის ძლიერი და შეუპოვარია.
მე მიყვარს ჩემი ქალიშვილი. მის გვერდით ვიქნები ყოველ ნაბიჯზე ისევე, როგორც ჩვენი ოჯახი. ჩვენ მას ზურგს ვუმაგრებთ. პრივილეგიაა, უყურო მის შემოსვლას სამყაროში, როგორც ლამაზი, ბრძენი და ბრწყინვალე ქალისა. ღმერთმა დალოცოს იგი”, — წერს ხალიდ ჰოსეინი.
ხალიდ ჰოსეინი ცნობილი მწერალია, რომლის რომანები, მათ შორის “ფრანით მორბენალი” და “ათასი მოელვარე მზე”, მრავალ ენაზე ითარგმნა. მისი წიგნები გამოცემულია ქართულადაც. ავტორი თავის წიგნებში არაერთგზის აღწერს ავღანეთის საზოგადოებას, ეხება ქვეყნის ისტორიასა და კულტურას.