თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს, 11 ივლისს რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებს ესაუბრა. სატელოფონო საუბრებისას ერდოღანმა ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან მარცვლეულის გადაზისვასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
კრემლის ინფორმაციით, ერდოღანმა და პუტინმა ისაუბრეს “შავ ზღვაში ნავიგაციის უსაფრთხოებისთვის საჭირო ძალისხმევის კოორდინაციასა და მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულის ექსპოტის” შესახებ.
თურქული მხარის ცნობით, ერდოღანმა აღნიშნა, რომ “დრო იყო, გაეროს ემოქმედა შავ ზღვის გავლით უსაფრთხო დერეფნების ფორმირების გეგმის შესამუშაველად”. CNN-ის ცნობით, თურქეთის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ერდოღანისა და პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ არ იყო ნახსენები რუსეთსა და თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების საკითხი. თუმცა აღნიშნული იყო, რომ თურქეთი მზადაა ყველა სახის მხარდაჭერისთვის, რათა მოლაპარაკებების პროცესი “გამოცოცხლდეს” .
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას კი, რომელიც ასევე დღეს, 11 ივლისს შედგა, ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთს უკრაინაში მშვიდობა სურს. ამასთან, ერდოღანმა ზელენსკის უთხრა, რომ თურქეთი აქტიურად მუშაობს გაეროს გეგმაზე, უკრაინული მარცვლეული მსოფლიო ბაზარზე რომ გავიდეს.
“ჩვენ განვიხილეთ, თუ რა მნიშვნელოვანია უკრაინის პორტების განბლოკვა და მარცვლეულის ექსპორტის გაგრძელება”, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ზე.
უკრაინის ინფორმაციით, რუსეთის მიერ შავი ზღვის პორტების დაბლოკვის შედეგად უკრაინიდან 20 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული ვერ გადის ექსპორტზე.