ახალი ამბები

იაგო ხვიჩია მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

11 ივლისი, 2022 • 1445
იაგო ხვიჩია მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

პარტია „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. როგორც პარტიაში აცხადებენ, შეხვედრის მიზანი იყო გაეგოთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის პოზიცია როგორც შექმნილ ვითარებასა და გადაჭრის გზებზე, ასევე, მის როლზე დეპოლარიზაციის პროცესში:

„მე რა პოზიციაც მქონდა დაფიქსირებული, ქართული ოცნების მოსყიდულს რომ მეძახდნენ, საქართველოს პრეზიდენტისთვის მისაღები და სწორია. მისი აზრით, მეტი უნდა ვესაუბრო ნაციონალურ მოძრაობას, იმიტომ, რომ მას არ აქვს სათანადო კონტაქტი პარტიასთან. მიხეილ სააკაშვილიც თვლის, რომ პოლიტპატიმრების (მისი და ნიკა გვარამიას) არსებობა ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელს შეუშლის.

ცალსახად მითხრა, რომ მას შემდეგ, რაც მისი კომისიის შექმნა იგეგმებოდა და ჩვენ ღიად და ცალსახად მხარი დავუჭირეთ, მას არ ჰქონია ეჭვები, რომ ჩვენ ქართული ოცნების ჭკუაზე დავდივართ. ეს მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და საგულისხმო უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ იმ წევრებისთვისაც, ვინც ამას ამბობდა“ ,- აცხადებს იაგო ხვიჩია.

ხვიჩიას თქმით, მიხეილს სააკაშვილმა დაუსახელა კონკრეტული პირები, ვისაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეუძლია ეკონტაქტოს და იმედი გამოთქვა, რომ მათთან ასეთი ტიპის პრობლემები არ შეექმნება. ხვიჩია ამბობს, რომ პარტიაში ბევრი ადამიანია, რომლებიც ხშირად მასაც არ ემორჩილებიან, რადგან იმ სიტუაციაში, რაშიც ახლა იმყოფება, ძალიან რთულია პასუხი აგოს ყველა მისი თანაგუნდელის პოზიციაზე და არის შემთხვევები, რასაც თავადაც არ ეთანხმება:

„ისიც თვლის, რომ პოლარიზაციის შესასუსტებლად საჭიროა პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით და პოლიტიკური სპექტრი არ უნდა იყოს დამძიმებული ისეთი ამბებით, როგორიც არის მიხეილს სააკაშვილის პატიმრობა. მას ასევე აქვს ინფორმაცია, რომ მისი პატიმრობა პრობლემას ქმნის, როგორც უკრაინასთან ურთიერთობაში, ასევე შექმნის პრობლემას დეპოლარიზაციასთან დაკავშირებითაც.

ამავდროულად, მის ინტერესებშია ჩაერთოს უკრაინის პროცესებში და ნაკლები ინტერესი გააჩნია ქართულ პოლიტიკასთან მიმართებით, უბრალოდ მას, როგორც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რომელმაც ბევრი გააკეთა ევროინტეგრაციის მიმართულებით, არანაირი ინტერესი არ გააჩნია, ჩვენი გზა შეფერხებული იყოს ამ თვალსაზრისით“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ასევე დეტალურად, წერილობით აინტერესებს პარტიის პოზიცია და აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში კიდევ მოისმენენ მის შეხედულებებს შემდგომ პროცესებთან დაკავშირებით.

ხვიჩია აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი იდეალურ ფიზიკურ კონდიციაში არ ყოფილა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, აზრები გაეცვალათ. „გირჩის“ ლიდერი აცხადებს, რომ ისურვებდა, საუბარი სხვა გარემოში გააგრძელონ, სადაც ყველაფრის დეტალურად განხილვა იქნება შესაძლებელი:

“მიხეილ სააკაშვილი არ იყო ისე, რომ ჩვენ რამდენიმე საათი გვესაუბრა, მე ამ შემთხვევაში ავადმყოფის ინტერესებიც გავითვალისწინე.  პრეზიდენტი მსჯელობაში მომყვებოდა და იცოდა, რომ ახლა ჩვენი ინტერესები თანხვედრაშია, რაც შემდეგი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას იძლევა“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.

მასალების გადაბეჭდვის წესი