ახალი ამბები

კრიმინალური მმართველობა, ძალადობა და უთანასწორო პირობები ციხეში — რა წერია CPT-ის კვლევაში

11 ივლისი, 2022 • 1262
კრიმინალური მმართველობა, ძალადობა და უთანასწორო პირობები ციხეში — რა წერია CPT-ის კვლევაში

წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა [CPT] საქართველოში საგანგებო ვიზიტის ფარგლებში გაკეთებული ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია საპატიმრო დაწესებულებებში ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებზე და იმ პრობლემებზე, რაც ამ სისტემის არსებობას ახლავს თან.

დოკუმენტში განმარტებულია, რომ საგანგებო ვიზიტის საჭიროება კონკრეტული გარემოებებით არის განპირობებული, მათ შორის, სახალხო დამცველის 2020 წელს გამოქვეყნებული ანგარიშით, რომელშიც საუბარია პენიტენციურ სისტემაში არაფორმალურ მმართველობასა და პატიმართა შორის ხშირი ძალადობის ფაქტებზე.

CPT-ის ანგარიში ეყრდნობა 2021 წლის 17-24 მაისს N2, N14, N15 და N17 დაწესებულებებსა და პენიტენციური სისტემის კონტრაქტორ კლინიკაში განხორციელებულ ვიზიტებს.

ანგარიშში საუბარია პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემაზე, მათ შორის, პატიმართა შორის ძალადობის ფაქტებზე, ციხეებში თანამშრომლების სიმცირეზე, არაფორმალური კრიმინალური მმართველობის აშკარა ნიშნებზე, რაც საკნების კედლებსა და კარებზე სიმბოლოების განთავსებითაც გამოიხატება, პატიმრებს შორის უთანასწორო საცხოვრებელ პირობებზე, ფულის გამოძალვასა და შეგროვებაზე [ე.წ. ობშიაკისთვის], რესოციალიზაციის აქტივობების მიუწვდომლობაზე, პატიმრების მხრიდან საუბრისგან თავშეკავებასა და სხვა სახის პრობლემებზე.

თუმცა CPT აღნიშნავს, რომ მათ დელეგაციას პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლების მხრიდან პატიმრების მიმართ ცუდი მოპყრობის შესახებ ბრალდებები არ სმენია და პირიქით, მათ შორის ურთიერთობას მეტწილად დადებითად ახასიათებს.

რაც შეეხება პრობლემებს, კომიტეტი წერს, რომ სამივე საპატიმროში [N14, N15 და N17 ნახევრადღია პენიტენციური დაწესებულებები] ანაზღაურებადი სამუშაო მცირე რაოდენობის პატიმრებისთვის იყო ხელმისაწვდომი. ასევე, არცერთ დაწესებულებაში არ იყო საგანმანათლებლო ან პროფესიული მომზადების ტრენინგები, ორგანიზებული სპორტული აქტივობები და კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ აღარ არსებობდა არც ხელოვნების სახელოსნოები.

ამასთან, N2, N14, N15 და N17 საპატიმროებში განცალკევებულად არ იმყოფებიან ახლად მოხვედრილი პატიმრები და რეციდივისტები.

“ასეთ შემთხვევაში გამართლებული იქნება კითხვის დასმა, იყო თუ არა ეს საუკეთესო მიდგომა, როდესაც ამავე ციხის ადმინისტრაციის დეკლარირებული მიზანი პატიმართა არაფორმალური იერარქიის გავლენის შემცირება იყო”, – ნათქვამია CPT-ის ანგარიშში.

კომიტეტის შეფასებით, ასეთ პირობებში, სისტემაში ახლად მოხვედრილი პატიმრები იმყოფებიან დიდი რისკის ქვეშ, რომ ნებით თუ უნებლიეთ, ჩაერთონ “არაფორმალურ კრიმინალურ აკადემიაში”.

კომიტეტი პრობლემად მიიჩნევს საპატიმროებში არასაკმარისი თანამშრომლების რაოდენობასაც, რადგან არსებული პერსონალით პენიტენციურ დაწესებულებებში სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია.

რაც შეეხება პატიმრებს შორის იერარქიების არსებობას, კომიტეტი აღნიშნავს, რომ სამივე პენიტენციურ დაწესებულებაში საკნების პირობებს შორის იყო ცხადი განსხვავებები:

“მაშინ, როცა პატიმრების უმეტესობას სივიწროვეში და საკმაოდ დანგრეულ საცხოვრებელში უწევდა ცხოვრება, ზოგიერთი პატიმარი (სავარაუდოდ, მაღალი იერარქიის) შედარებით კომფორტული პირობებით, გარემონტებული საკნებით (კერამიკის და პარკეტის იატაკი) და უამრავი არასტანდარტული ტექნიკით არის აღჭურვილი (დიდი ტელევიზორი, DVD, კონდიციონერი, სამზარეულოს კუთხე და სხვა)”.

ანგარიშის თანახმად, მათ დელეგაციას არაერთმა პატიმარმა დაუდასტურა ფულის შეგროვების [ე.წ. ობშიაკისთვის] ფაქტები, რაც ანგარიშში დახასიათებულია როგორც “გამოძალვა” პატიმრებისგან, ან უფრო ხშირად- მათი ოჯახის წევრებისგან.

გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია პატიმრებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებებზეც, რა დროსაც პატიმრები მძიმე დაზიანებებს იღებენ. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მათი ვიზიტის შემდეგ, 2021 წლის ივლისში, ერთ-ერთი მასობრივი ჩხუბის დროს ერთ-ერთი პატიმარი გარდაიცვალა.

ასევე, ანგარიშის თანახმად, მე-15 საპყრობილეში შესაბამის სამედიცინო დოკუმენტაციაში დაფიქსირებული გარდაცვალების ორი შემთხვევა 2018 წელს, როგორც „თვითმკვლელობა“, დელეგაციის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებს შორის გარკვეული ეჭვები გამოიწვია:

“ერთ შემთხვევაში იყო ჭრილობები (დაზიანებები) ყელის მიდამოში, ხოლო მეორეში აღინიშნებოდა ღრმა ჭრილობები კისრის არეში, რაც სუიციდისთვის უცნაური გზა იქნებოდა”, – ნათქვამია ანგარიშში.

კომიტეტი აღნიშნავს, რომ პატიმრები ხშირად იკავებენ თავს ისაუბრონ მათ სხეულზე არსებული დაზიანებების წარმოშობის შესახებ და მათი საეჭვოობის მიუხედავად, ციხის ექიმები ან სხვა თანამშრომლები არ მიმართავენ შესაბამის ორგანოებს გამოძიების დასაწყებად.

ამასთან, პატიმართა იერარქიის კიდევ ერთ განმსაზღვრელად ანგარიშში მითითებულია ადმინისტრაციისა და პატიმართა მიდგომა, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი “არასწორი ქცევა” და შიდა კონფლიქტი უპირველესად არაფორმალურად, ადმინისტრაციის ოფიციალური ჩარევის გარეშე უნდა ყოფილიყო განხილული.

წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა აღნიშნული პრობლემები საქართველოს იუსტიციის მინისტრს და მის მოადგილესაც გააცნო. CPT-ის ცნობით, მინისტრმა არ უარყო მონიტორინგის პერიოდში გაკეთებული მიგნებები საპატიმროებში არაფორმალური ჯგუფების გავლენისა და პატიმრებს შორის ძალადობის შესახებ. მინისტრმა წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტს გააცნო საქართველოს მთავრობის სტრატეგია ციხეების რეფორმის შესახებ, რომლის თანახმადაც ზემოთ აღნიშნული სამი პენიტენციური დაწესებულება უნდა დაიხუროს და მათ ნაცვლად შეიქმნას პატარა ციხეები. მინისტრის წარდგენილი სამოქმედო გეგმა ასევე ითვალისწინებდა მაღალი გავლენის მქონე პატიმრების გამიჯვნას სხვა პატიმრებისგან.

CPT-ის თანახმად, მინისტრმა დელეგაციის წევრებს უთხრა, რომ სამოქმედო გეგმა 2025 წლისთვის უნდა ყოფილიყო შესრულებული, თუმცა დროებით გადაიდო კორონავირუსის პანდემიის გამო.

აღნიშნული კვლევის განხილვა გაიმართა დღეს, 11 ივლისს, რომელშიც მონაწილეობდნენ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილიც.

ლომჯარიას თქმით, აღნიშნულ საკითხებზე  2020 წელს საუბრობდა პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე წარდგენილ ანგარიშში, რის შემდეგაც სახალხო დამცველი “დისკრედიტაციისა და თავდასხმის ობიექტი გახდა”.

მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი კი ციხეებში იერარქიების არსებობას უარყოფს. მისი განცხადებით, პენიტენციურ სისტემაში არსებობს მექანიზმები იმისთვის, რომ ციხეებში კრიმინალური ავტორიტეტების სუბკულტურა არ იყოს:

“როცა ლაპარაკია ამ რაღაც ე.წ. სუბკულტურაზე, გეტყვით, რომ არსებობს ძალიან ეფექტიანი მექანიზმები პენიტენციურ სისტემაში იმისთვის, რომ ნებისმიერი მიდრეკილება, ნებისმიერი მცდელობა პატიმართა შორის გარკვეული იერარქიის არსებობისა იყოს დაზღვეული და გამორიცხული. ეს პირველ რიგში არის პატიმრის გადაყვანის მექანიზმი, პატიმართა რისკის ინდივიდუალური შეფასება და ა.შ.”, – განაცხადა ჭეიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი