ახალი ამბებისამართალი

ხარვეზები სასამართლოში საქმეების ელექტრონულ განაწილებასა და დისციპლინური საქმის წარმოებაში – ანგარიში

7 ივლისი, 2022 • 3628
ხარვეზები სასამართლოში საქმეების ელექტრონულ განაწილებასა და დისციპლინური საქმის წარმოებაში – ანგარიში

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ შეაფასა მართლმსაჯულების სისტემაში ბოლო წლებში დანრგილი სიახლეების შედეგები. ანგარიშში ორგანიზაციამ შეისწავლა როგორც საქმეების ელექტრონული განაწილების სისტემის მუშაობის ხარვეზები, ასევე, დისციპლინური საქმის წარმოების კუთხით განხორციელებული ცვლილებები.

ორგანიზაციის შეფასებით, ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არცერთი აღნიშნული მექანიზმი ბოლომდე ეფექტიანად არ მუშაობს და, შესაბამისად, ვერ ასრულებს იმ მიზანს, რაც ინდივიდუალური მოსამართლეების გაძლიერებასა და მათ საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპის უზრუნველყოფაა.

ორგანიზაციის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი გურო იმნაძე აცხადებს, რომ საქმეების ერთი მესამედი კვლავაც არ ნაწილდება შემთხვევითობის პრინციპის დაცვით და განაწილების პროცესზე კვლავაც დიდი გავლენა აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და სასამართლოების თავმჯდომარეებს. შესაბამისად, იმნაძის თქმით, კვლავაც არსებობს მანიპულაციის სივრცე იმისათვის, რომ განისაზღვროს, კონკრეტულ საქმეს რომელი მოსამართლე განიხილავს.

ანგარიშის მიხედვით, ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩატარებული მონიტორინგის პროცესმა აჩვენა, რომ საერთო სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული განაწილების წესის დახვეწა პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს და არსებულ წესში ცვლილებები სულ უფრო ნაკლებად ხდება.

შესაბამისად, ორგანიზაციის განცხადებით, სისტემის გამართულად ფუნქციონირების კუთხით არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, საქართველოს პარლამენტს, განსაკუთრებით კი, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამთ. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სამართლებრივ ჩარჩოში შეტანილი ცვლილებები უმეტესად ტექნიკური ხასიათისაა და სასამართლო სისტემაში ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს ვერ პასუხობს.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საბჭოს 2017 წლის პირველი მაისის გადაწყვეტილება შეიცავს საქმეთა ალბათობით განაწილების წესიდან არსებული გამონაკლისების საკმაოდ ვრცელ ჩამონათვალს. კერძოდ, საქმეები, რომლებიც არ ნაწილდება ელექტრონული სისტემის მიერ ავტომატურად შერჩეულ, შესაბამისი კოლეგიის/პალატის/ვიწრო სპეციალიზაციის მოსამართლეზე, თავის მხრივ, რამდენიმე კატეგორიად იყოფა. ეს კატეგორიებია: გამონაკლისი წესით, მორიგეობითა და წესის გარეშე საქმეთა განაწილება; დამატებით, მაგისტრ მოხელეზე ნაწილდება საქმეთა ის კატეგორია, რომელიც უნდა განსაჯოს მაგისტრატმა მოსამართლემ.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, გამონაკლისი წესით, საქმეები შემთხვევითი განაწილების პრინციპის დაუცველად ნაწილდება, როდესაც: ა) მუნიციპალიტეტში მხოლოდ ერთი მაგისტრატი მოსამართლეა; ბ) რაიონულ/საქალაქო სასამართლოში შესაბამისი სპეციალიზაციის მხოლოდ ერთი მოსამართლეა; გ) რაიონულ/საქალაქო სასამართლოში შესაბამისი სპეციალიზაციის მხოლოდ ერთი მორიგე მოსამართლეა.

რაც შეეხება შემთხვევითი პრინციპის დაუცველად განაწილებული საქმეების სხვა კატეგორიებს, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, საერთო სასამართლოებში საქმეები წესის გარეშე ნაწილდება, როდესაც სასამართლოს კოლეგიაში ან/და სპეციალიზაციაში მხოლოდ ერთი მოსამართლეა. საქმეთა მორიგეობით განაწილება კი, ორგანიზაციის განმარტებით, გულისხმობს, საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე (რომელთა განხილვის ვადა არ აღემატება 72 საათს) სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით მორიგეობის განსაზღვრას, რომლის მიხედვითაც ეს საქმეები არასამუშაო და სამუშაო საათებში ნაწილდება.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მორიგეობის განსაზღვრა საქმეთა განაწილების სისტემის ერთ-ერთი პრობლემური ასპექტია, როგორც შინაარსობრივი, ისე ამ პროცესში სასამართლოს თავმჯდომარის ჩართულობის თვალსაზრისით. კერძოდ, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის თქმით, საერთო სასამართლოებში მორიგეობის განრიგი წინასწარ არის განსაზღვრული, თუმცა სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ნებისმიერი ვადით შეიტანოს მასში ცვლილებები.

„შესაბამისად, საქმეთა მორიგეობით განაწილების წესი საქმის კონკრეტულ მოსამართლეზე გადაცემის შესაძლებლობას იძლევა. წინა მონიტორინგის ანგარიშში განხილული მაგალითებით დასტურდება, რომ ეს უფლებამოსილება თავმჯდომარეების მხრიდან შექმნილი კრიზისული ვითარების სწორი და ეფექტიანი მენეჯმენტისთვის არ ყოფილა გამოყენებული.

შესაბამისად, რამდენადაც ამ მიმართულებით მოცემულ საანგარიშო პერიოდშიც არაფერი შეცვლილა, საქმის მორიგეობით განაწილების წესი კვლავ შეიცავს სასამართლოს თავმჯდომარეების მხრიდან მორიგეობის გრაფიკის ერთპიროვნულად დადგენის რისკებს და ტოვებს მისი არაჯანსაღი ინტერესებისთვის გამოყენების შესაძლებლობას“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამასთან, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საქმეთა ელექტრონული განაწილების წესით განსაზღვრულია კონკრეტულ მოსამართლეზე საქმეების განაწილების შეჩერების შესაძლებლობა სხვადასხვა საფუძვლით, მათ შორის, შვებულების, ორსულობის, სამსახურებრივი მივლინებისა და დეკრეტული შვებულების საფუძვლებით. „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აღნიშნავს, რომ ასეთ დროს მოსამართლეზე საქმეთა განაწილება დროებით ჩერდება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქმეთა განაწილების პროცესში მკაფიოდ გამოიკვეთა კონკრეტული დანაყოფებისა თუ თანამდებობის პირების უფლებამოსილებების პრობლემურობა:

„ხშირად ბუნდოვანია როგორც სასამართლოს თავმჯდომარეების,ისე სასამართლოების კანცელარიებისა და მენეჯმენტის დეპარტამენტის როლი, უფლებამოსილებები და მათი საქმიანობის პროცედურული მოწესრიგება.სასამართლოს თავმჯდომარეებთან მიმართებით, ერთ-ერთი პრობლემური საკითხი ის არის, რომ მოსამართლეების მიერ კი არ აირჩევიან, არამედ მათ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიშნავს.

თავად საბჭოში არსებული კლანურობისა და კორპორატივიზმის პრაქტიკების გათვალისწინებით, ასეთი მოწესრიგება თავმჯდომარეების საშუალებით ინდივიდუალურ მოსამართლეებზე არასათანადო ზეგავლენის მოხდენის რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის. საბჭოსა და სასამართლოს თავმჯდომარეების მჭიდრო კავშირები სამოქალაქო სექტორის კრიტიკის საფუძველი წარსულშიც მრავალჯერ გამხდარა“ ,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

რაც შეეხება მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობას, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გარანტიები. თუმცა აცხადებენ, რომ კვლავ პრობლემურია ინსპექტორის თანამდებობაზე არჩევის წესი, რაც სრულად ვერ უზრუნველყოფს მის სათანადო ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას.

ამასთანავე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, კანონმდებლობა კვლავ არ ითვალისწინებს ინსპექტორის შერჩევის მიზნით ჩასატარებელი კონკურსის და მასში მონაწილეთა მონაცემების საჯაროობას.

ცენტრში აღნიშნავენ, რომ პრობლემურია დისციპლინურ საკითხებზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ახალი წესი, რომლის თანახმად, საბჭო ამგვარ გადაწყვეტილებებს იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (სრული შემადგენლობის 2/3-ის ნაცვლად). კვალიფიციური უმრავლესობის უბრალო უმრავლესობამდე შემცირება უკან გადადგმული ნაბიჯია და ზრდის ინდივიდუალურ მოსამართლეებზე არასათანადო გავლენების რისკებს.

ამასთანავე, ორგანიზაციის შეფასებით, სადავოა სადისციპლინო კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესიც, რომლის თანახმად, შესაძლებელია, კოლეგიის საერთო შემადგენლობის 5-დან ორმა წევრმა (თუკი კოლეგიას სამი წევრი ესწრება) მოსამართლე ბრალეულად ცნოს და დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი დააკისროს, რაც ცენტრის შეფასებით საფრთხეს უქმნის დისციპლინური სამართალწარმოების სამართლიანობას:

„დისციპლინური სამართალწარმოება, მონიტორინგის წინა პერიოდის მსგავსად, ვადების დარღვევით მიმდინარეობს; ამასთანავე, 2021 წლის 30 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებებით, საანგარიშო პერიოდში მოქმედი სამართალწარმოების ვადები განახევრდა.

ამგვარი მოწესრიგება სრულიად უგულებელყოფს დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემაში ვადების დაცვის თვალსაზრისით არსებულ რეალობას და დამატებით პრობლემას წარმოშობს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო დისციპლინურ საკითხებზე სხდომებს კვლავ არასაკმარისი სიხშირით ატარებს, რაც დისციპლინური სამართალწარმოების გაჭიანურების დამატებით განმაპირობებელი ფაქტორია“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემის გამჭვირვალობის კუთხით, კვლავ პრობლემურია მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამოუქვეყნებლობის პრაქტიკა.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ კანონმდებლობა კვლავ არ ითვალისწინებს დამოუკიდებელი ინსპექტორის დასკვნების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე გამოქვეყნებას. ამასთან, დასკვნები ხელმიუწვდომელია საჯარო ინფორმაციის სახით მოთხოვნის შემთხვევაშიც, რაც გამჭვირვალობის კუთხით მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი