ახალი ამბები

“ოცნების” გზავნილები ომში ჩართვაზე საქართველოში მოვლენილი “ეფ-ეს-ბეს” ჯგუფის შემუშავებულია – ვაშაძე

7 ივლისი, 2022 • 510
“ოცნების” გზავნილები ომში ჩართვაზე საქართველოში მოვლენილი “ეფ-ეს-ბეს” ჯგუფის შემუშავებულია – ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებული გზავნილები, რომელსაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები ახმიანებენ, რუსეთიდან მოვლენილი “ეფ-ეს-ბეს” ჯგუფის მიერ არის შემუშავებული.

მისი თქმით, აღნიშნული გზავნილი შეიმუშავეს იმისთვის, რომ მოსახლეობამ ბიძინა ივანიშვილისა და სხვებისთვის შესაძლო სანქციების დაწესების და ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის გარშემო მიმდინარე საკითხებიდან ყურადღება გადაიტანოს სხვა თემებზე. ამის შესახებ ვაშაძემ დღეს, 7 ივლისს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ვაშაძის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია “სტრატეგია აღმაშენებლისთვის” გახდა ცნობილი. ამასთან, პარტიის ლიდერის განცხადებით, “ქართული ოცნებიდან” დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარის და მიხეილ ყაველაშვილის წასვლა სწორედ “ეფ-ეს-ბეს” შემუშავებული გეგმის ნაწილი იყო:

“სანქციების საკითხის გადასაფარად რუსეთის მხრიდან საქართველოში სპეციალურად მოავლინეს “ეფ-ეს-ბეს” კონკრეტული ჯგუფი, რომლებმაც შეიმუშავეს ოპერატიული ლეგენდა, რომ თითქოს სანქციების დაწესება იმის გამო მიმდინარეობს, რომ ვიღაცას საქართველოს ომში ჩართვა სურს.

უფრო მეტიც, ამ ოპერატიული ლეგენდის პირველი ფაზა იყო სამი ადამიანის გამოყოფა “ქართული ოცნების” მხრიდან, რომელთაც ეს უნდა გაეკეთებინათ. მაგრამ “ეფ-ეს-ბეს” მიერ მოვლენილმა სპეციალურმა ჯგუფმა კვლევების შედეგად დაადგინა, რომ ამ სამ ადამიანს აქვს ნულოვანი ნდობა. სწორედ ამიტომ, პირდაპირ “ქართული ოცნების” ლიდერებს მიეცათ დავალება “ეფ-ეს-ბეს” ოპერატიული ლეგენდის მაქსიმალურად მათივე ენით, მათივე ხმით მიწოდების შესახებ, კობახიძიდან დაწყებული, სხვებით დამთავრებული”, – განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, მმართველი პარტიის მიერ “ყოველდღიური გზავნილების” გახმიანებაც სწორედ “ეფ-ეს-ბეს” მიერაა დავალებული. მისი თქმით, ასევე იცის კონკრეტული ადამიანების ვინაობებიც, “ვინც საქართველოს მხრიდან ამ მესიჯების ქართულად დამუშავებაში არიან ჩართული”. ვაშაძის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია ზუსტდება და მოგვიანებით დეტალურად გააცნობს საზოგადოებას.

“ამიტომ, მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, როგორც კი გაიგებთ ომში ჩართვასთან დაკავშირებით კონკრეტულ გზავნილებს, იცოდეთ, რომ ეს არის “ეფ-ეს-ბეს “კურატორების მიერ დავალებით გაკეთებული განცხადებები, რომელსაც “ქართული ოცნების” ლიდერები აკეთებენ.

ამ ყველაფრის მიზანია ევროკავშირის სტატუსის საკითხიდან გადაგვიყვანონ ისევ ომის თემებზე სასაუბროდ. არანაირი ომი საქართველოში არ იქნება. ამერიკის საელჩომ ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა ამასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, მათ უფრო ადრე ჰქონდათ ეს ინფორმაცია, ვიდრე ჩვენ მივიღეთ, რომ ეს ნარატივი სწორედ “ეფ-ეს-ბეში” იყო დაწერილი”,- ამბობს ვაშაძე.

30 ივნისს აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ რუსეთის “ეფ-ეს-ბეს” დეზინფორმაციაა, თითქოს ვინმეს სურს, საქართველო ომში ჩაერთოს.

“ეფ-ეს-ბე” რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურია, რომელიც საბჭოთა KGB-ს ანალოგიური უწყებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი