ახალი ამბები

მედიის თანახმად, ჯონსონი პრემიერის პოსტს ტოვებს – რა ხდება ბრიტანეთში

7 ივლისი, 2022 • 776
მედიის თანახმად, ჯონსონი პრემიერის პოსტს ტოვებს – რა ხდება ბრიტანეთში

გაერთიანებული სამეფოს კონსერვატორ პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს ხელისუფლება ხელიდან ეცლება.

BBC-ის თანახმად, იგი დღეს პარტიის ხელმძღვანელობიდან გადადგება, თუმცა პრემიერ-მინისტრად მუშაობას შემოდგომამდე მაინც გააგრძელებს. Sky-ს თანახმად კი, პრემიერის თანამდებობას დატოვებს.

საქმე ისაა, რომ ამ შემთხვევაში მის მთავრობას ლეიბორისტები არ უპირისპირდებიან, არამედ საკუთარი პარტიისა და მთავრობის წევრებმა მოიძულეს.

მთავრობა უკვე დატოვა არაერთმა მინისტრმა. ცოტა ხნით ადრე ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადება პარტიამაც სცადა.

თუმცა თავად პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამ თანამდებობაზე ბრექსიტისა და ამ ბრექსიტს გადაყოლებული პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის შემდეგ დაინიშნა, ცოტა ხნის წინ აცხადებდა, რომ გადადგომას არ აპირებდა, რადგან ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის უკრაინის ომის თემებზე მუშაობდა.

მისივე განცხადებით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ახალი არჩევნების დანიშვნაა.

რა ხდება ბორის ჯონსონის თავს 

თანამდებობაზე ყოფნის დროს ბორის ჯონსონი არაერთხელ გაეხვა სკანდალში. იგი პოლიციამაც კი დააჯარიმა კორონავირუსის რეგულაციების დარღვევისა და პანდემიის დროს წვეულებების გამართვის გამო, რასაც წინ უძღოდა მისი მთავრობის კრიტიკა.

თუმცა ბოლოდროინდელი განხეთქილება ყველაზე მასშტაბურია.

ამ შემთხვევაში, განხეთქილება ჯონსონსა და მისი მთავრობისა და პარტიის წევრებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ უკანასკნელმა კრის პინჩერი პარტიის დისციპლინური ორგანოს ხელმძღვანელად დააწინაურა ისე, რომ არ გაითვალისწინა პინჩერის წინააღმდეგ არსებული სექსუალური შევიწროების ბრალდებები.

მოწინააღმდეგეების თანახმად, ჯონსონმა შევიწროებაში ბრალდებულის შესახებ იხუმრა კიდეც, „პინჩერი (ინგლისურად მჩქმეტავი Pincher) გვარად, პინჩერია ბუნებითაც“.

ჯონსონის მოწინააღმდეგეების თანახმად, ამ ბრალდებების შესახებ მან წინასწარვე იცოდა, თუმცა არაფერი იღონა. შედეგად, 50-ზე მეტმა მაღალი თანამდებობის პირმა თანამდებობა დატოვა, რომელთა განცხადებითაც, არ სურთ ჯონსონისთვის ხელის დაფარება.

საბოლოოდ, ჯონსონმა მოიბოდიშა პინჩერის დანიშვნისთვის და აღიარა, რომ ბრალდებები მისთვის ცნობილი იყო.

საქმე ეხება კრის პინჩერის მიერ ბრიტანელი პოლიტიკოსის, ალექს სთორის შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტს 2001 წელს, რა დროსაც, სთორის თანახმად, პინჩერმა საკუთარ სახლში მიიწვია, მასაჟის გაკეთება სცადა და ეუბნებოდა, რომ მასთან კავშირი პარტიაში სთორის წინსვლას შეუწყობდა ხელს.

2022 წლის ივლისში ცნობილი გახდა კიდევ ექვსი ბრალდების შესახებ, რა დროსაც პინჩერმა პარლამენტის წევრი სხვა კაცი დეპუტატებიც შეავიწროვა.

ლეიბორისტული პარტიის წევრების განცხადებით, კონსერვატორების გემი იძირება და იქიდან ვირთხები გაქცევას ცდილობენ.

ვინ შეიძლება შეცვალოს ჯონსონი

იმ შემთხვევაში, თუ ახალი არჩევნები არ დაინიშნება და ახალ მთავრობას კვლავ კონსერვატორთა პარტია და მათი მოკავშირეები დააკომპლექტებენ, პრემიერ-მინისტრობის შანსი რამდენიმე კანდიდატს აქვს:

რიში სუნაკი – ბრიტანული მედიის თანახმად, ერთ-ერთი, ვისაც ყველაზე მეტი შანსი აქვს პრემიერი გახდეს, სწორედ რიში სუნაკია, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ჯონსონს დაუპირისპირდა. იგი მანამდე კორონავირუსის პანდემიისგან შექმნილი ფინანსური გამოწვევების გამკლავებაში მონაწილეობდა, რაც მას ბიზნესის წარმომადგენლებისთვის შედარებით სასურველ კანდიდატად წარმოაჩენს, თუმცა საბინაო კრიზისის დროს გაზრდილი ფასების გამო კრიტიკის ობიექტურიცაა.

პენი მორდონტი – ამჟამად საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრი. იგი პარტიის წევრებს შორის პოპულარობით სარგებლობს. წარსულში აკრიტიკებდა ჯონსონს კორონავირუსის პანდემიის დროს წვეულების მოწყობის გამო.

საჯიდ ჰავიდი – სუნაკთან ერთად ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ჯონსონის წინააღმდეგ კოალიციას შეურთდა. ითვლება ტეტჩერის მიმდევრად, თავისუფალი ბაზრის, დერეგულაციისა და მცირე მთავრობის იდეის მხარდამჭერად. მთავრობაში 2021 წელს ჯანდაცვის მინისტრად დაბრუნდა, მანამდე ეკავა ფინანსთა მინისტრის თანამდებობა, თუმცა გადადგა, რადგან უარი განაცხადა საკუთარი მრჩევლების გათავისუფლებაზე.

ლიზ ტრასი – გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც აქტიურადაა ჩართული უკრაინის ომში ბრიტანეთის პოზიციების წარმოდგენაში. მხარს უჭერდა ბრექსიტს.

ბენ ვოლასი – სამეფოს თავდაცვის მინისტრი. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებებისა და უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების გამო.

ჯერემი ჰანტი – ბორის ჯონსონის კონკურენტი კანდიდატი კონსერვატორთა პარტიაში. ითვლება ცენტრისტად. წარსულში, ბრექსიტის დროს, მხარს უჭერდა გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირში დარჩენას, თუმცა მაშინ მისი პოზიციები პარტიის წევრების უმეტესობამ არ გაიზიარა.

ნადჰიმ ზაჰავი – პოპულარული გახდა კორონავირუსის პანდემიის დროს, როგორც ვაქცინების მინისტრი. იგი ერაყელი ლტოლვილების ვაჟია და პოპულარობით სარგებლობს ქვეყნის მუსლიმ და იმიგრანტ მოსახლეობაში. მის წინააღმდეგ არსებობს ოფშორებში დარეგისტრირებულ კომპანიებთან კავშირის ბრალდებებიც.

პრიტი პატელი – შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც იმიგრაციის გამკაცრების მოთხოვნებით გამოდის. თავად ინდოელი იმიგრანტების ქალიშვილმა, 2020 წელს აღიარა, რომ მისი მშობლები გაერთიანებულ სამეფოში ვერ დასახლდებოდნენ, თუ იმ დროს მისივე შემუშავებული საიმიგრაციო პოლიტიკა იარსებებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი