ახალი ამბები

უკრაინა ხერსონის დასაბრუნებლად კონტრშეტევისთვის ემზადება – Economist

4 ივლისი, 2022 • 1145
უკრაინა ხერსონის დასაბრუნებლად კონტრშეტევისთვის ემზადება – Economist

უკრაინის თავდაცვის ჯარები ხერსონის გარეუბნებს მიუახლოვდნენ და კონტრშეტევისთვის ემზადებიან. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო გამოცემა Economist სამხედრო დაზვერვის ოფიცერზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კონტრშეტევისთვის მზადებაზე მიანიშნებს ხერსონიდან გამოსული მოქალაქეების მონათხრობებიც. მათი თქმით, ბრძოლები განსაკუთრებით გაძლიერდა ბოლო პერიოდში.

ხერსონი ყირიმზე გასასვლელი ერთადერთი რეგიონული დედაქალაქია, რომლის აღებაც რუსებმა ომის დაწყების შემდეგ მოახერხეს.

Economist-ის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტაქტიკურ წარმატებას უკვე მიაღწიეს. სამხედრო დაზვერვის ოფიცრის თქმით, უკრაინის მოწინავე ქვედანაყოფები ხერსონის გარეუბნებს უკვე მიუახლოვდნენ “სნაიპერულ დისტანციაზე” [ერთი კილომეტრი ან მეტი].

“შემდეგი ერთი-ორი კვირა კიდევ უფრო საინტერესო იქნება”, – ამბობს ის.

თუმცა Economist აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე უკრაინის მხრიდან სრულფასოვანი კონტრშეტევის ნიშნები არ ჩანს. ქვეყნის შეიარაღებული ძალები ძირითადად ორიენტირებული არიან აღმოსავლეთიდან რუსეთის შეტევის შეჩერებაზე. ჯარისკაცები საბრძოლო მასალისა და ქვეითების დეფიციტს უჩივიან.

უკრაინელების შეტევას რუსები ძლიერად პასუხობენ. ამის შესახებ საუბრობს უკრაინელი ჯარისკაცი. მისი თქმით, რუსებმა მიწისქვეშა ბუნკერებიც ააშენეს, ერთ სოფელში განლაგებულ ბაზას კი ოთხი საჰაერო თავდაცვის განყოფილება იცავს. ამასთან, უკრაინელების თითოეული შეტევის შემდეგ უკანდახეული რუსები უფრო მეტი რაოდენობით ბრუნდებიან. ამასთან, უკრაინის შეტევას აფერხებს ისიც, რომ ადგილობრივებს, ვინც საკუთარი სახლები არ დატოვეს, რუსები ცოცხალ ფარად იყენებენ.

“საკუთარ ხალხს ვერ ვესვრით”, – ამბობს უკრაინელი ჯარისკაცი.

ამასთან, Economist-ის ერთ-ერთი რესპონდენტის თქმით, რუსები ცდილობენ, რომ ადგილობრივები არ გააღიზიანონ. ყოფილი თანამდებობის პირი, რომელიც ხერსონიდან მას შემდეგ გაიქცა, რაც კოლაბორაციონისტული ორგანოს ხელმძღვანელობა სთხოვეს, ამბობს, რომ რუსები ადგილობრივებს გამიზნულად ექცევიან ისე, რომ მათი გადაბირება შეძლონ. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა რუსეთის ჯარების განდევნას შეძლებს ხერსონიდან, ვითარება შეიცვლება:

“რუსები სასტიკად გაბრაზდებიან, თუმცა პარტიზანული წინააღმდეგობაც იგივე იქნება. ადგილობრივი მოსახლეობა რუსებს უბრალოდ გაანადგურებს”, – ამბობს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი