ახალი ამბები

კობახიძისეულ და რადიკალური ოპოზიციის გეგმებს ეროვნულ თანხმობასთან საერთო არაფერი აქვთ – ზურაბიშვილი

3 ივლისი, 2022 • 871
კობახიძისეულ და რადიკალური ოპოზიციის გეგმებს ეროვნულ თანხმობასთან საერთო არაფერი აქვთ – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ არც „ოცნების“ და არც ოპოზიციის გეგმებს ეროვნულ თანხმობასთან საერთო არაფერი აქვთ.

„ერთი რამ ნიშანდობლივია ამ ვნებათაღელვის ფონზე : ყველამ პოზიციამ თუ ოპოზიციამ აიტაცა და აღიარა ეროვნული თანხმობის აუცილებლობა ( რაზედაც ცოტა ხნის წინ ყველა მედავებოდა, ასეთი რამ შეუძლებელიაო) …

თუმცა, გამოცხადებულ გეგმებს – კობახიძისეულს ( “თავისუფლად ანტიევროპულად მოსაუბრე” ტრიუმვირატის შექმნისთანავე ევრო-რეკომენდაციების შესრულების ერთპარტიული გეგმა) თუ რადიკალურ ოპოზიციის არახალი „გადადექი და მე გადმოვდგები” გეგმა – არაფერი საერთო აქვთ არც ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან და არც ევროპის კანდიდატურის მიღებისათვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან. ხალხის ევროპული სულისკვეთების გამოხატვა დიდი ძალაა და ჩვენი ქვეყნის ღირსებას იცავს.

მას არ უნდა შეეცვალოს გეზი… ჩვენ ყველანი კი -ვისაც პასუხისმგებლობა აკისრია – ვალდებული ვართ საზოგადოების მოლოდინს ვუპასუხოთ საქმით და სამოქმედო გეგმის ირგვლივ ჩამოყალიბებულ რეალური და არა სიტყვიერი ეროვნული თანხმობით ! და გამოჩნდება ვის რა უნდა : ევროპა თუ ძალაუფლება!,“ – წერს ზურაბიშვილი ფეისბუკზე.


თბილისში პარლამენტის წინ დღეს აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. აქციის მიმდინარეობისას, მონაწილეთა ერთი ნაწილი „ქართული ოცნების“ ოფისთან გადავიდა, სადაც აქციის რამდენიმე ორგანიზატორი სიტყვით გამოვიდა. ადგილზე მობილიზებული იყო ასობით სამართალდამცველი.

დაახლოებით, 1 საათის შემდეგ, აქციის მონაწილეები „ოცნების“ ოფისიდან კვლავ პარლამენტის მიმდებარედ დაბრუნდნენ და შეუერთდნენ სხვა მომიტინგეებს. მსვლელობით ისინი ერთად ავიდნენ მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც ნაწილი ღამეს გაათენებს.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მათთვის უზრუნველყოფილი იქნება ინფრასტრუქტურა – მათ შორის, ცხელი საკვები და სასმელი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი