ახალი ამბები

პოლიციამ ძალადობრივი ჯგუფების 26 წარმომადგენელი დააკავა

2 ივლისი, 2022 • 871
პოლიციამ ძალადობრივი ჯგუფების 26 წარმომადგენელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გასულ ღამეს თბილისში ძალადობრივი, პრორუსული ტელეკომპანია ალტ-ინფოს დაფუძნებული პარტიის წარმომადგენლები და ლიდერები დააკავეს, სულ, 26 ადამიანი.

დაკავებულთა შორის არიან პარტიის ლიდერები ზურა მახარაძე და ირაკლი მარტინენკო, ასევე დააკავეს გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილებიც.

ისინი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

„მიმდინარე წლის 1 ივლისს თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ
და მოახდინეს პრაიდ ფესტივალის ადგილზე მისასვლელი გზების პარალიზება, მოძრაობის  ხელოვნური შეფერხება, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ადგილზე  მოუწოდეს  მათ გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი.

პოლიციამ აქციის მონაწილეებს, ასევე მიუთითა პროტესტი განეგრძოთ ისეთ ადგილზე, სადაც ხელს არ შეუშლიდნენ და არ დაარღვევდნენ სხვა მოქალაქეთა უფლებებს. გვიან ღამით, სამინისტროს მხრიდან ადგილზე გაკეთებული გაფრთხილების მიუხედავად, შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა. შესაბამისად, პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე 26 პირი დააკავა“, — განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავებულების შესახებ.

ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები გვიან ღამით თბილისში შეიკრიბნენ იმ ადგილზე, სადაც დღეს, 2 ივლისს, პრაიდ ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება იმართება დახურულ კარს მიღმა. სწორედ ძალადობრივი საფრთხის გამო ორგანიზატორებმა უარი თქვეს ღონისძიების საჯარო სივრცეში ჩატარებაზე.

შესაბამისად, გაუგებარია, წინა ღამით რა მოტივით შეიკრიბნენ ძალადობრივი ჯგუფები იმ ობიექტთან, სადაც დახურულ კარს მიღმა ღონისძიება დღეს არის დაგეგმილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი