ახალი ამბები

პასუხისმგებლობას “ოცნების” მთავარ ოფისს ვაკისრებთ – სტუდენტები თსუ-ში თავდასხმაზე

1 ივლისი, 2022 • 616
პასუხისმგებლობას “ოცნების” მთავარ ოფისს ვაკისრებთ – სტუდენტები თსუ-ში თავდასხმაზე

სტუდენტური მოძრაობა “სტუდენტები ევროპული მომავლისთვის”  ეხმაურებიან გუშინ  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ კორპუსთან მომხდარ ძალადობრივ ქმედებებს და მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას “ქართულ ოცნებას” აკისრებენ. ამის შესახებ განცხადება მათ დღეს, 1 ივლისს გააკეთეს.

“მინდა მოგახსენოთ, რომ წინასაგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ქმედით ნაბიჯებს ველოდებით. აქვე მინდა ვთქვა, რომ თითოეულ დაზიანებას, რომელიც ჩვენმა წევრებმა მიიღეს, “ქართული ოცნების” მთავარ ოფისს ვაკისრებთ, რადგან ეს იყო კარგად დაგეგმილი, ორგანიზებული პროვოკაცია მათ მიერ და ვერავინ დაგვაჯერებს, რომ ეს ყველაფერი მთავარ ოფისთან შეთანხმებული არ იყო”, – განაცხადა სტუდენტური მოძრაობის წევრმა, ლუკა წიქარიშვილმა.

“სტუდენტები ევროპული მომავლისთვის” საერთო განცხადების ფარგლებში წიქარიშვილმა მიმართა საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც. მისი თქმით, სტუდენტური მოძრაობის წევრებზე თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი იმ დროისთვის, როცა “შინ ევროპისკენ” კამპანიის ფარგლებში სტუდენტებს ბროშურებს ურიგებდნენ.

ამასთან, წიქარიშვილმა ჩამოთვალა ძალადობრივი ჯგუფის იმ წევრების სახელები და გვარები, ვისი იდენტიფიცირებაც მოახერხეს. მისი თქმით, ყველა იდენტიფიცირებული პირი  პირდაპირ ან ირიბად არის დაკავშირებული “ქართულ ოცნებასთან”.

გუშინ, 30 ივნისს, სტუდენტური მოძრაობის წევრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ კორპუსთან “შინ ევროპისკენ” კამპანიის ფარგლებში ფლაერებს არიგებდნენ, რა დროსაც აგრესიულად განწყობილი პირები სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით გუშინვე დაიწყო. ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლები თავადვე ადასტურებდნენ, რომ “ქართული ოცნების” მხარდამჭერები არიან.

გარეკანის ფოტო: კადრი TV პირველის ეთერიდან


3 ივლისს თბილისში დაანონსებული აქციის წინ, პარტიები და სამოქალაქო მოძრაობები მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ ევროკავშირში საქართველოს წევრობის მნიშვნელობასა და ამ მიზნით რეფორმების იმ 12 პუნქტის შესრულების აუცილებლობაზე.

კამპანიის ფარგლებში ჩასულ აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს რამდენიმე ქალაქში სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და შეხვედრების ჩაშლა სცადეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი