ახალი ამბები

უკრაინაში ლგბტქ+ პირთა მთავარი შიში რუსული ოკუპაციის ქვეშ ცხოვრებაა — უკრაინელი აქტივისტი

30 ივნისი, 2022 • 867
უკრაინაში ლგბტქ+ პირთა მთავარი შიში რუსული ოკუპაციის ქვეშ ცხოვრებაა — უკრაინელი აქტივისტი

უკრაინელი აქტივისტი და ორგანიზაციის „ქალთა მარში“ დამფუძნებელი, ოლენა შევჩენკო ამბობს, რომ ომის ფონზე მთავარი შიში, რომელიც ლგბტქი+ თემის წევრებს უკრაინაში აქვთ, რუსული ოკუპაციის ქვეშ ცხოვრებაა.

ოლენა შევჩენკო დღეს, 30 ივნისს, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. მან ისაუბრა იმ გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც ქვიარ თემი უკრაინაში რუსული აგრესიის გამო დადგა.

უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ ომის პირველივე დღიდან თემის წევრებს შორის უპრეცედენტო მობილიზება მოხდა, რათა ერთობლივად დაეცვათ ქვეყანა, იქნებოდა ეს ომის წინა ფრონტზე წასვლა თუ მოხალისედ მოქალაქეების დახმარება: — „ჩემი აზრით, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ლგბტქი+ თემის აქამდე არსებულ ყველაზე დიდ ხილვადობაზე და წარმომადგენლობითობაზე“.

„ომის დაწყების შემდეგ, პირველი აზრი, რომელიც მომივიდა, იყო- „მარტონი ვართ“, რადგან უბრალოდ ყველა წავიდა: საერთაშორისო ინსტიტუციები, ორგანიზაციები, ყველა, ვისაც იცნობ. მანამდე გჯეროდა მათი, ვისაც იცნობდი, მაგრამ უცბად ყველა გაქრა და შენ გაათვითცნობიერე, რომ მარტო ხარ.

შემდეგ ფიქრობ იმის შესახებ, რომ რამე უნდა გააკეთო არა მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარი თავი დაიცვა, არამედ იმისთვისაც, რომ როგორმე მხარი დაუჭირო სხვას ამგვარ კრიზისში — როცა არ გაქვს წვდომა არაფერზე, არც ტრანსპორტზე, არც თავშესაფარზე. ეს იყო ომის პირველი კვირების რეალობა.“

როგორც ოლენა შევჩენკო განმარტავს, დროთა განმავლობაში სიტუაცია გაუმჯობესდა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების ჩართულობით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კრიზისი დაძლეულია, რადგან ათასობით ადამიანს საბაზისო, აუცილებელი რესურსი ჯერ კიდევ არ აქვს.

„მინდა ყველას შევახსენო, რომ ომი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ჩვენ ჯერ კიდევ ვცხოვრობთ ომში. ბევრი ადამიანი მას ემსხვერპლა, სხვებს კი აღარანაირი რესურსი აღარ დარჩათ, მათ შორის, ისეთ აუცილებელ პროდუქტებზე, როგორიცაა საჭმელი, მედიკამენტები და სხვა“, —აცხადებს ის.

რუსული აგრესიის ფონზე ქვეყანა მილიონით უკრაინელმა უკვე დატოვა, მათ რიგებში ლგბტქი+ თემის მრავალი წარმომადგენელია. შევჩენკო ამბობს, რომ ქვიარ თემის მთავარი შიში ახლა რეპრესიული რუსული რეჟიმის ქვეშ ცხოვრებაა.

„იცით, რატომ? მთავარი შიში, რაც ლგბტქი+ ადამიანებს აქვთ, არის რუსეთის ოკუპაციის ქვეშ ცხოვრება. იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ ვიცით ისტორიები…. 2014 წელს, ომის დაწყებისას, როდესაც ყირიმის და დონბასის ოკუპაცია მოხდა, ძალიან ბევრი ლგბტქი+ ადამიანი აწამა და მოკლა რუსულმა რეჟიმმა. ჩვენ ამის შესახებ ინფორმაცია გვაქვს და სწორედ ამიტომ, ბევრმა ადამიანმა დატოვა უკრაინა, განსაკუთრებით, ლგბტქი+ ოჯახებმა, ვისაც შვილები ჰყავთ. მათ ეშინიათ ასეთი მომავლის, მათ ეშინიათ მათი ცხოვრებისთვის.

შესაბამისად, რა თქმა უნდა, ომს განსაკუთრებული ზეგავლენა ჰქონდა მარგინალიზებულ ჯგუფებზე უკრაინაში“, — ამბობს შევჩენკო.

კითხვაზე, ახლა სად არიან ის და მისი კოლეგები, შევჩენკო ჰყვება, რომ ომის პირველი 2 კვირა კიევში დარჩა, რადგან ეგონა, რომ „ეს ყველაფერი მალე დამთავრდებოდა“. თუმცა, რაკი მალე დედაქალაქიდან შეუძლებელი გახდა დახმარების ორგანიზება, უფლებადამცველები დასავლეთ უკრაინაში გადავიდნენ.

„ჩვენი თანამშრომლებისა და მოხალისეების დიდი ნაწილი უკრაინაში დარჩა იმიტომ, რომ ჩვენ ვეხმარებით ლგბტქ+ ადამიანებს, ასევე, როგორც ფემინისტური ორგანიზაცია, ვეხმარებით ქალებსა და ბავშვებს. ჩვენ ვაწვდით მოქალაქეებს ბევრ რამეს, მათ შორის, თავშესაფარს ან უსაფრთხო სახლებს, სადაც ისინი დროებით რჩებიან, შემდეგ კი პარტნიორების დახმარებით საზღვარგარეთ გადაგვყავს.

ჩვენ ასევე გავცემთ ჰუმანიტარულ დახმარებას, ვაგზავნით შეკვრებს მედიკამენტებით, სხვადასხვა საჭირო ნივთით, ბავშვებისთვის და არამხოლოდ“, – ამბობს შევჩენკო და ამატებს, რომ ორგანიზაცია უკვე დაეხმარა 10 ათასამდე ადამიანს, მათ შორის, ლტოლვილებსა და ოკუპაციის ქვეშ მცხოვრებ მოქალაქეებს.

სიტყვით გამოსვლის ბოლოს ოლენა შევჩენკოს ჰკითხეს, რას ეტყოდა საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებს და რა უნდა გააკეთონ აღნიშნულმა ქვეყნებმა უკრაინის მხარდასაჭერად. უფლებადამცველი ამბობს, რომ უკრაინა ისედაც გრძნობს მხარდაჭერას საქართველოს მხრიდან: „ჩვენ ვიცით, რა გრძნობაა ეს, ვიცით, რომ 2008 წელს თითქმის არავინ დაგიჭირათ მხარი.“

„სოლიდარობა, რომელიც ჩვენ გვაჩვენეთ, საკმარისი და მნიშვნელოვანია, მაგრამ მომავალში აუცილებელია, რომ ერთად ვიყოთ, ერთად აღვუდგეთ ამას [რუსულ აგრესიას] წინ. დამიჯერეთ, ეს არ არის ისეთი რამ, რაც ბოლომდე და მალე გაჩერდება“, – დასძენს ის.


28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი“ პრაიდის კვირეულს ატარებს – ღონისძიებათა ციკლს, რომელთა მთავარი მიზანი არის ქვიარ თემის ხილვადობის ამაღლება; ასევე, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვას საქართველოში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებს.

კვირეული კინოჩვენებით დაიწყო, რომელიც კლუბ „ხიდში“ გაიმართა. მას ასევე ესწრებოდა საქართველოში არსებული დიპლომატიური კორპუსის ნაწილი.

დღეს, 30 ივნისს კი გაიმართა რეგიონული ქვიარ კონფერენცია, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ როგორც აქტივისტები სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი.

„თბილისის პრაიდის“ კვირეული თბილისში დახურულ სივრცეებში იმართება. უკვე წლებია ლგბტქ+ ადამიანები კვირეულის აღნიშვნას ღია სივრცეებში თავისუფლად ვერ ახერხებენ ძალადობრივი ჯგუფებისგან მომდინარე საფრთხის გამო.

გასული წლის 5 ივლისს პრაიდის წინააღმდეგ ორგანიზებულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადეს მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელზე, რომლებიც სწორედ პრაიდის გაშუქებას აპირებდნენ.მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ადამიანი პასუხისგებაში მისცეს, ორგანიზატორები ამ დრომდე არ არიან დაკავებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი