ახალი ამბები

“ლანჩხუთში დაამობილიზეს საკრებულოს წევრები და კორდინატორები” – ხაბეიშვილი “ქართულ ოცნებაზე”

29 ივნისი, 2022 • 827
“ლანჩხუთში დაამობილიზეს საკრებულოს წევრები და კორდინატორები” – ხაბეიშვილი “ქართულ ოცნებაზე”

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები რეგიონებში ვიზიტის ფარგლებში ლანჩხუთში ჩავიდნენ, სადაც ადამიანთა აგრესიული ჯგუფი დახვდა. პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენლის, ლევან ხაბეიშვილის მტკიცებით, ისინი მმართველი პარტიის მიერ მობილიზებული ადამიანები არიან, მათ შორის, საჯარო უწყებებში დასაქმებული პირებიც.

ვიდეოკადრებში, რომელიც ხაბეიშვილმა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გაავრცელა, ჩანს, რომ აღნიშნული ჯგუფის წევრები “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.

“ლანჩხუთის ოცნების ოფისთანაც დაამობილიზეს საკრებულოს წევრები და კოორდინატორები. უნდა დაგვესიონ და მერე იმედი-პოსტვ მოჰყვება, რომ ხალხი უპირისპირდება ხაბეიშვილს”, – წერს ხაბეიშვილი ფეისბუკზე.

აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლებს შორის იყო ლანჩხუთის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” ნინო მშვიდობაძეც. “ნეტგაზეთთან” საუბრისას მშვიდობაძემ დაადასტურა, რომ თანაგუნდელებთან ერთად ნამდვილად იმყოფებოდა ადგილზე, თუმცა, მისი თქმით, იქ სპეციალურად არ მისულა, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების დანახვამ გააღიზიანა:

“[ვაპროტესტებდით] ნაციონალების ვიზიტს ლანჩხუთში იმიტომ, რომ მათ არ აქვთ მორალური უფლება, ჩამოვიდნენ და ადამიანებს შეხვდნენ და რაღაცებზე ბრტყელ-ბრტყელი აზრები უზიარონ. ეს ჩემი პოზიციაა, როგორც ნინო მშვიდობაძის.

მე ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ვიყავი სკვერში მიმდინარე სამუშაოების დასათვალიერებლად და ხაბეიშვილმა ვიდეოს გადაღება დაგვიწყო. ჩათვალა, რომ ჩვენ ამას გავუტარებდით. არავის აქვს უფლება, მე ჩემს ქალაქში რაღაცას რომ ვათვალიერებ, დადგეს და ვიდეო მიღოს და თან შეურაცხმყოფელი სიტყვები მეძახოს”, – განაცხადა ლანჩხუთის საკრებულოს წევრმა.

3 ივლისის აქციასთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობა” რამდენიმე დღეა რეგიონებში ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება და საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე ესაუბრება.

ხაბეიშვილის თქმით, მსგავსი ვითარება დახვდათ სხვა ქალაქებშიც, მათ შორის, ოზურგეთსა და ახალციხეში. მისი განცხადებით, “ქართული ოცნება” განზრახ აწყობს პროვოკაციებს, რათა შემდგომ აღნიშნული გაშუქდეს ისე, თითქოს ადგილობრივები ოპოზიციის წარმომადგენლებს უპირისპირდებიან.

“ნეტგაზეთი” ლანჩხუთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი