ახალი ამბები

რუსეთში გაფუჭებული მოწყობილობების შესაკეთებლად ახლების დაშლა უწევთ – „კომერსანტი“

29 ივნისი, 2022 • 967
რუსეთში გაფუჭებული მოწყობილობების შესაკეთებლად ახლების დაშლა უწევთ – „კომერსანტი“

გამოცემა „კომერსანტის“ ინფორმაციით, რუსეთში მობილური ტელეფონების, ლეპტოპებისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების შემკეთებელი ცენტრები საჭირო ნაწილების მარაგების არქონის გამო იძულებული არიან ახალი მოწყობილობები დაშალონ:

„ვცდილობთ სხვა პროდუქციის დაშლით მოვიპოვოთ ის ნაწილები, რომელთა შემოტანაც საზღვარგარეთიდან აღარ შეგვიძლია“ – ამბობს Acer-ის რუსეთის წარმომადგენლობის აღმასრულებელი დირექტორი დმიტრი კავჩენკო.

მისი თქმით, მანამდე შესაკეთებელი პროდუქციის 90%-ს მომხმარებლებს ხუთ სამუშაო დღეში აბარებდნენ, მაგრამ ახლა, კომპონენტების ხელმისაწვდომობის შესაბამისად, ეს დრო გაცილებით დიდია. გამოცემის მიხედვით, სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ რუსეთში პროდუქციის იმპორტირება პარალელური იმპორტის სახით ხდება, რაც ნიშნავს, რომ მწარმოებელი იხსნის პასუხისმგებლობას პროდუქციის გამართულობაზე, ვინაიდან მოწყობილობები ქვეყანაში შედის დისტრიბუტორების გავლით.

„კომერსანტი“ აღნიშნავს, რომ პარალელური იმპორტის სახით რუსეთში შესული პროდუქცია რეგისტრირდება „ევრაზიული კავშირში“ შემავალ სახელმწიფოებში, მაგალითად, ყაზახეთში ან ყირგიზეთში. შესაბამისად, საგარანტიო პირობების ფარგლებში პროდუქციის შეკეთებაც ამ ქვეყნებში უნდა მოხდეს.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე დასავლეთის ქვეყნები და ევროკავშირი რუსეთს სხვადასხვა მიმართულებით უწესებს სანქციებს. ამასთან, ფართოვდება პერსონალური სანქციების სიაც, რომელშიც შედიან რუსი მაღალჩინოსნები, ოლიგარქები, პროკრემლისტური მედიაორგანიზაციები, მათი ხელმძღვანელები და ოჯახის წევრები.

მასალების გადაბეჭდვის წესი