ახალი ამბებიკომენტარი

რატომ ვერ უბედავს საქართველო რუსეთს ორმხრივ სანქციებს ფინანსურ აქტივებზე?

28 ივნისი, 2022 • 5013
რატომ ვერ უბედავს საქართველო რუსეთს ორმხრივ სანქციებს ფინანსურ აქტივებზე?

ავტორი : არჩილ იაკობაშვილი – ეკონომიკის პროფესორი, გერმანიის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის წევრი

ბიძინა ივანიშვილი არის რუსული წარმოშობის ოლიგარქი და საქართველოს ჩრდილოვანი მმართველი – ამას ადასტურებს საქართველოს შესახებ როგორც ევროპარლამენტის რეზოლუცია, ისე ევროკომისიის დასკვნა, რომლებიც ერთი მედლის ორი მხარეა.

იმ შემთხვევაში, თუ რუსული ფინანსური აქტივები (საწარმოო წილები, ქართული ფასიანი ქაღალდების მფლობელობა, უძრავი ქონება) საქართველოში დასანქცირდება, ხოლო დასავლეთი ჩრდილოვან მმართველს, ბიძინა ივანიშვილს პიროვნული საერთაშორისო სანქციების სიაში შეიყვანს, საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას, იზოლაციონიზმის არიდების მიზნით, აღარ დარჩება სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოშიც დასანქცირდეს.

არის ირაკლი ღარიბაშვილი ასეთი გადაწყვეტილების მიმღები? პასუხი: რა თქმა უნდა, არა, რადგან საქართველოში სანქცირება ბიძინა ივანიშვილს არა მხოლოდ ფინანსურ-ეკონომიკურ საქმიანობას, არამედ ქველმოქმედებას და მეცენატობასაც შეუზღუდავდა.

რუსული ფინანსური აქტივები უნდა დასანქცირდეს, რაც მომავალში გამორიცხავს „ბორჯომის“ შემთხვევების განმეორებას და არ დაუშვებს, რომ საქართველოში ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი რუსმა ინვესტორებმა შემოსავლის სახით მიიღონ, რომლიდანაც გადასახადის სახით გარკვეული თანხა რუსეთის ფედერალურ ბიუჯეტშიც მიემართება და უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსებას ხმარდება.

რუსული ფინანსური აქტივების სანქცირების პარალელურად, საქართველოს მთავრობამ უნდა აამოქმედოს შესაბამის იურიდიულ პირებში ე.წ. „დროებითი მმართველის“ სტატუსი და, რაც მთავარია, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, სწორედ ევროკავშირში დაიწყოს ჩამნაცვლებელი ინვესტორების მოძებნა.

ევროპელი ინვესტორი ნიშნავს არა მხოლოდ ევროპული კაპიტალისთვის ფეხის მოკიდებას საქართველოში, არამედ წარმოებული პროდუქციისთვისაც ევროპაში საექსპროტო ბაზრების ათვისების დამატებით შესაძლებლობას, რადგან განსაკუთრებით იურიდიულ ინვესტორებს ე.წ.მიწოდების ჯაჭვებზეც აქვთ წვდომა.

ევროკავშირი დიდხანს ვერ მოითმენს, რომ „პერსპექტივის სტატუსის“ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რუსული კაპიტალი იყოს ხელშეუხებელი. ეს ეწინააღმდეგება დასავლური ერთიანობის მიზანს და საერთო სულისკვეთების იდეას უკრაინაში უკანონოდ სამხედრო ძალით შეჭრილი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

ირანთან მოქმედი სანქციების მაგალითზე ევროკავშირს დაუგროვდა იმის გამოცდილება, თუ როგორ შეავსოს ე.წ. ხვრელები სანქციებში, როგორც ფინანსური აქტივების, ისე სანქცირებული ტვირთბრუნვის აღკვეთის მიმართულებით.

ე.წ. „მეორადი სანქციები“ (Secondary Sanctions), რომლის პაკეტის მომზადების დავალება ევროკომისიამ უკვე მიიღო გასულ კვირას ჩატარებული ევროკავშირის სამიტისგან, მოემსახურება იმ მიზანს, რომ რუსული კაპიტალის გადამალვა ე.წ. „ქვეანგარიშებზე“, ტვირთბრუნვებში როგორც ფიზიკური ისე იურიდიული შუამავლები, აგრეთვე „გემების ორდროშიანობა“ მკაცრად გაკონტროლდეს და გამოვლენის შემთხვევაში სანქციებს დაექვემდებაროს.

შესაბამისად, ე.წ. „მეშვიდე პაკეტი“, რომლის სრული ამოქმედება, სავარაუდოდ, აგვისტოს პირველ დეკადაშია მოსალოდნელი, ევროკავშირს გაუჩენს იმის შესაძლებლობას, რომ ასოცირების, პერსპექტივის და თუნდაც კანდიდატის სტატუსის ქვეყნებმა ვეღარ თქვან უარი რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების შემოღებაზე, რომლებიც სხვასთან ერთად რუსული წარმომავლობის კაპიტალის მფლობელებსაც (ე.ი. ოლიგარქებს) შეეხებათ.


სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ გამოხატავდეს ნეტგაზეთის პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი