ახალი ამბები

საქართველო ქერისა და ხორბლის ექსპორტს 1 წლით კრძალავს

28 ივნისი, 2022 •
საქართველო ქერისა და ხორბლის ექსპორტს 1 წლით კრძალავს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე, საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტი იკრძალება.

„რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, ადგილობრივი წარმოების ხორბლის და ქერის რეალიზაცია მხოლოდ შიდა ბაზარზე განხორციელდეს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.

მინისტრის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სრულად დამოკიდებულია ხორბლის იმპორტზე (ყოველწლიურად 500 ათასი ტონა) და მცირე წარმოების გამო ექსპორტს ვერ ახორციელებს, შექმნილი ვითარება აჩენს რისკს, ქვეყნიდან გარკვეული რაოდენობის ხორბალი ექსპორტზე გავიდეს.

რაც შეეხება ქერს, საქართველოში წარმოებული ქერის ექსპორტი ერაყსა და ირანში ხორციელდება. მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე, მეცხოველეობის, მეფრინველეობისა და მეღორეობის დარგში საკვები რესურსი, ქერი, მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იქნას რეალიზებული. მიმდინარე წელს ქერის საპროგნოზო მოსავალი 60 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობს. დღეის მდგომარეობით, 2,5 ათას ტონაზე მეტი უკვე ექსპორტირებულია.

ამ ეტაპზე შეზღუდვები არ ვრცელდება სიმინდის ექსპორტზე.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მსოფლიოში ხორბლისა და სხვა მარცვლეული კულტურების მიწოდების ჯაჭვების მოშლამ პროდუქციაზე დეფიციტი გამოიწვია.

ხორბლისა და სხვა მარცვლეულის ექსპორტზე შეზღუდვების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება მსოფლიოს არაერთმა სახელმწიფომ მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი