ახალი ამბები

დავეხმარებით იმ ქვეყნებს, რომელთაც რუსეთი ემუქრება – სტოლტენბერგი

27 ივნისი, 2022 • 608
დავეხმარებით იმ ქვეყნებს, რომელთაც რუსეთი ემუქრება – სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის ომისგან მიღებული გაკვეთილია ის, რომ მოკავშირეებისადმი დახმარების გაწევა სჯობს ადრე, ვიდრე გვიან.

მან ამის შესახებ ალიანსის მადრიდის სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მისივე განცხადებით, ნატო გაზრდის საქართველოს მხარდაჭერასაც.

„თუ რაიმე გაკვეთილი ვისწავლეთ ნატოს ახლო და ღირებულ პარტნიორზე, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმისგან, არის მხარდაჭერის დროულად მიწოდების მნიშვნელობა.

სჯობს მხარდაჭერა ადრე, ვიდრე გვიან. შესაბამისად, მოხარული ვარ, რომ ნატოს მოკავშირეებმა ბევრი მიმართულებით გაუწიეს დახმარება უკრაინას 2014 წლიდან, მაგრამ თუ შესაძლებელია, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ, ასეც უნდა მოვიქცეთ სხვა მოკავშირეების შემთხვევაში, რომლებიც მოწყვლადები არიან რუსეთის მიერ მათ შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩარევისადმი.

შესაბამისად, მე მოველი, რომ რუსული ჩარევის რისკის ქვეშ მყოფი პარტნიორებისთვის სამიტზე შევთანხმდებით პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის შესახებ. ჩვენ დავეხმარებით, რომ მათ გააძლიერონ საკუთარი შესაძლებლობები და მედეგობა.

საქართველოსთვის ჩვენ შეგვიძლია გავზარდოთ ნატო-საქართველოს პაკეტის მხარდაჭერა, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა სიტუაციური ცნობიერება, კომუნიკაცია უსაფრთხოების სფეროში, მედეგობა და კიბერთავდაცვა.

ჩვენ ასევე გვაქვს საწვრთნელი ცენტრი თბილისთან ახლოს. ამ მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერება შეგვიძლია, ასევე შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოს, გააუმჯობესოს საკუთარი კიბერუსაფრთხოება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისი განცხადებით, საქართველოსა და რუსული საფრთხის წინაშე მყოფი სხვა მოკავშირეების მხარდაჭერა იქნება სამიტის მთავარი გზავნილი.

მადრიდის სამიტი 28-30 ივნისს გაიმართება. გარდა ნატოს წევრი ქვეყნებისა, მასში ასევე მონაწილეობენ ნატოს პარტნიორი სახელმწიფოებიც, მათ შორის საქართველოც.

მასალების გადაბეჭდვის წესი