ახალი ამბები

თუკი ის მოიცლის და მოახერხებს, ბრიტანეთი ზელენსკის სიამაყით უმასპინძლებს – ჯონსონი

26 ივნისი, 2022 • 943
თუკი ის მოიცლის და მოახერხებს, ბრიტანეთი ზელენსკის სიამაყით უმასპინძლებს – ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ თუკი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოახერხებს ქვეყნის დატოვებას, მისი ქვეყნისთვის პატივი იქნება, უკრაინის პრეზიდენტს უმასპინძლოს.

ბორის ჯონსონი ომის დაწყების შემდეგ უკვე ორჯერ იმყოფებოდა კიევში პრეზიდენტ ზელენსკისთან შესახვედრად, უკრაინისათვის რუსეთთან ბრძოლაში მხარდაჭერის ნიშნად.

ეს განცხადება კი მან 26 ივნისს, ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად გააკეთა, დიდი შვიდეულის სამიტის მიმდინარეობისას.

„თუკი როგორმე მოიცლის წამოსასვლელად, და თუკი გადაწყვეტს უკრაინის დატოვებას, ცხადია, გაერთიანებული სამეფო სიამაყით უმასპინძლებს მას“, – განუცხადა ბორის ჯონსონმა ჟურნალისტებს და დასძინა:

„თუმცა ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ აქ, დიდი შვიდეულის სამიტზე, კვლავ ერთიანები ვიყოთ [უკრაინის მხარდასაჭერად]. და ვართ კიდეც“.

დიდი შვიდეულის სამიტი 26 ივნისს დაიწყო. პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, იაპონია და კანადა რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვას გეგმავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი