ახალი ამბები

დიდი მადლობა საქართველო, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია თქვენნაირი მეგობარი – ვაკარჩუკი

26 ივნისი, 2022 • 2064
დიდი მადლობა საქართველო, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია თქვენნაირი მეგობარი – ვაკარჩუკი

ომის დაწყებიდან პირველად, დღეს Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე მსმენელის წინ უკრაინული მუსიკალური ჯგუფი – Okean Elzy წარდგება. გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე სოლისტმა სვიატოსლავ ვაკარჩუკმა ჟურნალისტებს მოკლე ინტერვიუ მისცა.

მან ისაუბრა ომზე, საქართველოსა და უკრაინის მეგობრობაზე და მუსიკაზე, რომელიც „ჩემი ცხოვრების მთავარი სიყვარულია“.

„უპირველეს ყოვლისა, დიდი პატივია ჩემთვის და Okean Elzy-ს მთელი ბენდისთვის აქ ყოფნა. პირველი სიტყვები, რაც გვინდა ვთქვათ არის – დიდი მადლობა საქართველო, შენი მხარდაჭერისთვის და იმ ყველაფრისთვის, რასაც უკრაინისთვის აკეთებ. ჩვენ ვგრძნობთ თქვენს მხარდაჭერას, ჩვენ ვგრძნობთ ამ მხარდაჭერას ჩვეულებრივი ადამიანებისგან, ჩვენ ვხედავთ დემონსტრაციებს, დროშებს, ვხედავთ და ვგრძნობთ იმ მატერიალურ დახმარებასაც, რომელსაც გასცემთ.

მადლობა ჩვენი მოქალაქეებისა და ლტოლვილების მასპინძლობისთვის. ჩვენ უბრალოდ გვინდა გითხრათ მადლობა! და ამას გავიმეორებთ კიდევ ბევრჯერ ფესტივალის განმავლობაშიც. საქართველო ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ქვეყანაა, მე მიყვარს თქვენი კულტურა, არქიტექტურა, სტილი, ტანსაცმელი, სამზარეულო – ყველაფერი. თქვენი უმვენიერესი ხალხი, განსაკუთრებით კი ქალები. თუმცა, [მიყვარს] არამხოლოდ ის, თუ როგორ გამოიყურებით, არამედ თქვენი გული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას თქვენაირი მეგობრები ჰყავს. მთავარი რაც გვინდა გითხრათ, არის მადლობა,“

ვაკარჩუკი ამბობს, რომ ომი უკრაინაში ეს არის მთელი მსოფლიოს ომი, ომი სადაც – „ეს არის ომი, სადაც დემოკრატია ებრძვის ავტოკრატიას, სადაც ნათელი ებრძვის ბნელს, სადაც თავისუფლება ებრძვის ტყვეობას. ამბობენ, რომ უკრაინა არის ცივილიზებული სამყაროსთვის ფარი… ქართველებს ეს კარგად ესმით, და გამოგიცდიათ კიდეც „რუსული სიყვარული“ 2008 წელს – ამიტომ თქვენ ეს ყველაფერი კარგად იცით. ყველა, ვინც რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინის დამპყრობლების წინააღმდეგ იბრძვის – ჩვენი დები და ძმები… ჩვენი გულები მათ ეკუთვნის. ჩვენ ვიზიარებთ, დაღუპულთა ოჯახების მწუხარებას,“.

„ძალიან რთულია მადლობის გარდა სხვა რამე უთხრა იმ ადამიანებს, რომელთათვის ალბათ არცაა აუცილებელი, მაგრამ მაინც ჩამოდიან, რისკავენ ცხოვრებასა და ჯანმრთელობას – რათა უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარონ.

ჩვენ გრძნობთ ამ მხარდაჭერას, ეს არ არის მხოლოდ დემონსტრაციები ან დროშები, ეს ასევე არის ყველაზე ძვირფასი რაღაცის – სიცოცხლის გარისკვა ამ ბრძოლისთვის. მინდა უდიდესი პატივისცემა გამოვხატო [მათ მიმართ] და ასევე, დიდი მწუხარება დაღუპულთა ოჯახებისთვის. პუტინი და მისი ჯარი არის ამაში პასუხისმგებელი და მათ, ადრე თუ გვიან, ამისთვის პასუხი მოეთხოვებათ,“.

ბრიფინგის დროს ჟურნალისტებმა ჰკითხეს ვაკარჩუკს, რამდენად რთულია მისთვის ომიდან ხელოვნებაში დაბრუნება. ის ჰყვება, რომ ამგვარი ცვლილება ძალიან რთულია და ამ დრომდე არ იცის, როგორ უნდა მოიქცეს სცენაზე. Okean Elzy-თვის ეს პირველი კონცერტია ომის დაწყების შემდეგ.

„ძალიან რთულია.. ეს არის ჩვენი პირველი კონცერტი ომის დაწყების შემდეგ. ჩვენ ერთ საქველმოქმედო ღონისძიებაზე დავუკარით ბერლინში, მაგრამ ეს იყო მხოლოდ 1 სიმღერა. ეს კი Okean Elzy-ს პირველი წარმოდგენაა დეკემბრის შემდეგ. ჩვენთვის დიდი პატივია და ჩვენ გვინდოდა, რომ პირველად საქართველოში ჩამოვსულიყავით. ჩვენი უახლოესი და ძალიან ძვირფასი მეგობარი – პოლონეთიც გვიმასპინძლებს 2 დღეში. ეს ძალიან სიმბოლურია ჩვენთვის, რადგან ვფიქრობ, როგორც საქართველოს, ასევე პოლონეთის ხალხი მხარს ძალიან გვიჭერს.

თუმცა, ჩემთვის სიმღერა დღეს განსაკუთრებით რთულია, რადგან როგორც წესი, ჩვენ ასეთ ღონისძიებებზე მშვიდობიან დროს გამოვდივართ ხოლმე, ჩვენც მშვიდად და ბედნიერად ვართ, გვიხარია ხოლმე ადამიანების წინაშე სიმღერა. ახლა კი მართალია გვიხარია ქართველი ხალხის წინაშე გამოსვლა, მაგრამ ასევე, ჩვენ თან გვდევს ეს დიდი სევდა და .. ჯერ კიდევ არ ვიცი, როგორ მოვიქცე. იმედი მაქვს, აუდიტორია დაგვეხმარება,“ – გვიხსნის სვიატოსლავ ვაკარჩუკი.

„ჩვენ უბრალოდ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებთ. მე მიყვარს სიმღერა, მიყვარს რასაც ვაკეთებთ. ჩემთვის მუსიკა ყველაფერია. ვოცნებობ იმ დროზე, როდესაც მშვიდობა დაისადგურებს და მე შემეძლება ჩემი ცხოვრების მთავარ სიყვარულს – ხელოვნებასა და მუსიკას სრულად დავუბრუნდე.

ახლა რასაც მე ვაკეთებ, არის ის, რომ მივდივარ ქვეყნებში რათა ვიმღერო და ყურადღება გავამახვილო ამ საკითხზე, ასევე შევაგროვო საქველმოქმედო თანხები უკრაინისთვის. შემდეგ უკან დავბრუნდები ომის წინა ხაზზე და იქ ვიმღერებ სამხედროებისთვის. 2 კვირა აქ, 2 კვირა იქ – ვფიქრობ, ასე გავატარებ მომდევნო თვეებს, სანამ ომი დასრულდება და უკრაინა დაიბრუნებს ჩვენს მიწებს,“.

მასალების გადაბეჭდვის წესი