ახალი ამბები

“დროა” აქციის “შინ ევროპისკენ” მოთხოვნებს მხარდაჭერას უცხადებს

25 ივნისი, 2022 • 680
“დროა” აქციის “შინ ევროპისკენ” მოთხოვნებს მხარდაჭერას უცხადებს

პოლიტიკური პარტია “დროა” მხარს უჭერს გუშინ, 24 ივნისს “შინ ევროპისკენ” აქციაზე გაჟღერებულ მოთხოვნებს. ამის შესახებ “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეოლიგარქიზაციაა, რასაც სჭირდება როგორც ქვეყნის შიგნით აქტიურობა, ასევე საქართველოს პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერა, რაც ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის სანქცირებაში უნდა გამოიხატოს.

“ამ ბრძოლაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უკვე ცალსახაა ყველასთვის, არის დეოლიგარქიზაციის პროცესი. დეოლიგარქიზაციის გარეშე საქართველოს არ აქვს არც განვითარება, არც პერსპექტივა და არც ევროპული მომავალი. ამიტომ, ამაზე ყველა ვთანხმდებით. ჩვენ ვნახეთ 2 ძალიან დიდი აქცია, რომელიც საზოგადოების სრულ კონსოლიდაციას ასახავს ამ მიზნების გარშემო.

დეოლიგარქიზაციას სჭირდება კონკრეტული გეგმა, რომელიც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ სახალხო მოძრაობისგან და რომელსაც აღვუთქვამთ სრულ მხარდაჭერას. ეს არის პირველი ნაბიჯი – ხელისუფლების, მთავრობის მთლიანად გადადგომის მოთხოვნა. ღარიბაშვილის და იმ გუნდის, რომელმაც ჩიხში შეიყვანა ჩვენი ქვეყანა”, – განაცხადა ხოშტარიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მხოლოდ მთავრობის გადადგომა დეოლიგარქიზაციის პროცესს ვერ დაასრულებს. მისი თქმით, მთავრობის გადადგომას უნდა მოჰყვეს ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობის ჩამოყალიბება, რომელიც ევროკავშირის მიერ დასახული ვალდებულებების და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ინსტრუმენტი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი