ახალი ამბები

“ლელო” 24 ივნისის აქციის მოთხოვნებს უერთდება და პარლამენტისთვის საგანგებო დღის წესრიგის შექმნას გეგმავს

25 ივნისი, 2022 • 656
“ლელო” 24 ივნისის აქციის მოთხოვნებს უერთდება და პარლამენტისთვის საგანგებო დღის წესრიგის შექმნას გეგმავს

პოლიტიკური პარტია “ლელო საქართველოსთვის” გუშინ, 24 ივნისს აქციაზე წაკითხულ მოთხოვნებს უერთდება, რომლის თანახმადაც უნდა შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა და ასევე პარლამენტში საგანგებო დღის წესრიგის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა, ბადრი ჯაფარიძემ და სალომე სამადაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაურბეს.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემული 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულება ზეპარტიული მნიშვნელობისაა და ამ ეტაპზე ქვეყნისთვის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს. მისი თქმით, საჭიროა ყოველდღიური მოქმედება, რათა წლის ბოლომდე აღნიშნული რეკომენდაციები შესრულდეს და ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება შეძლოს.

“…ამიტომ, “ლელო – საქართველოსთვის” მხარს უჭერს საერთო სახალახო მოძრაობის მიერ წაკითხულ, გამოცხადებულ მანიფესტს და იმ მოთხოვნებს, რომელიც იქ არის დასახელებული.

კერძოდ, ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა, რომელიც იქნება არა პარტიული, არამედ პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული. ეს პირდაპირ პასუხობს ევროკომისიის ლიდერების მიერ გაჟღერებულ მოთხოვნას, რომ საქართველოში უნდა მოხდეს პოლიტიკური გაერთიანება, დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია. ამისთვის ერთადერთი გზა სწორედ ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნაა.

ამავდროულად, მიგვაჩნია, რომ ამ მთავრობამ, რომლისთვისაც მთავარი პრიორიტეტი იქნება 12 რეკომენდაციის, მოთხოვნის განხორციელება, უნდა მოამზადოს სამართლიანი საარჩევნო გარემო და შემდგომში სამართლიანი არჩევნების ჩატარება უნდა უზრუნველყოს”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, “ლელო” მმართველი პარტიისგან მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმებას ელის.

სალომე სამადაშვილის თქმით კი, პარლამენტის საქმიანობა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე უნდა იყოს სრულად ორიენტირებული, რისთვისაც “ლელომ” პარლამენტში მყოფ პოლიტიკურ პარტიებთან მოლარაკებები უკვე დაიწყო.

“ნათელია, რომ პარლამენტში საქმიანობა ჩვეულებრივ რეჟიმში ვერ გაგრძელდება. საპარლამენტო საქმიანობა მთლიანად აგებული უნდა იყოს ევროკავშირის 12-პუნქტიანი მოთხოვნების შესრულებაზე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტის საქმიანობას დღეს ამ ქვეყანაში არანაირი აზრიც კი არ ექნება. ამიტომ, ჩვენ დავიწყეთ და ვაგრძელებთ კონსულტაციებს პარლამენტში მყოფ სხვა პარტიებთან იმისთვის, რომ შეიქმნას საგანგებო დღის წესრიგი პარლამენტისთვის და დაუყოვნებლივ დავიწყოთ იმ ინიციატივების გატარება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი შემდეგ ჯერზე მაინც.

ეს რა თქმა უნდა, სინქრონიზირებულია იმ პროცესთან რაც გუშინ დაანონსდა და როდესაც შემოგვთავაზეს ეროვნული თანხმობის ხელისუფლების ფორმირება იმიტომ, რომ მათაც ექნებათ შესაბამისი ნაბიჯები, საკანონმდებლო ინიციატივები განსახორციელბელი და ჩვენ შეგვიძლია რომ ახლავე, დღეს დავიწყოთ უკვე იმ სამოქმედო გეგმის მომზადება, რომელიც უკვე პარლამენტში უნდა განხორციელდეს”, – განმარტა სამადაშვილმა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნება” აღნიშნულ დღის წესრიგს არ შეუერთდება, “ლელო” პარლამენტში საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში ვერ გააგრძელებს.


აქციის „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორებმა გუშინ, 24 ივნისს, გამართულ მასშტაბურ აქციაზე წამოაყენეს მთავარი მოთხოვნა – ერთი კვირის ვადაში გადადგეს პრემიერ-მინიტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც შეასრულებს ევროკავშირის 12 მოთხოვნას, სანამ ზამთარი მოვა“.

„სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა თქვა, რომ 3 ივლისს საქართველოს ყველა რეგიონიდან დაიძვრება ხალხი და პარლამენტთან გაიმართება კიდევ ერთი აქცია.

„და დავრჩებით აქ და არ დავიშლებით, სანამ არ დაიშლება ოლიგარქია!“ — თქვა შოთა დიღმელაშვილმა.

დიღმელაშვილის თქმით, საქართველოს დეოლიგარქიზაცია ვერ მოხდება, თუ არ გადადგება მთავრობა. ასევე, დეოლიგარქიზაციის გარეშე საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი

მასალების გადაბეჭდვის წესი