ახალი ამბები

დღეს ბარიერი ჩვენსა და ევროპას შორის არის რუსეთუმე მთავრობა — ოქტაი ქაზუმოვი

24 ივნისი, 2022 • 2146
დღეს ბარიერი ჩვენსა და ევროპას შორის არის რუსეთუმე მთავრობა — ოქტაი ქაზუმოვი

თბილისში, პარლამენტთან გამართული აქციის “შინ ევროპისკენ” მონაწილეებს მწერალმა ოქტაი ქაზუმოვმა მიმართა. მან ისაუბრა საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ევროპისკენ სწრაფვაზე  და დასძინა, რომ მოქმედი ხელისუფლება ამ პროცესს აფერხებს.

“დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებს სურთ, ევროპა ჩვენთვის გახადონ, როგორც ლიტონის სიტყვა, ვითომ ფუყე, ვითომ არაფრის მომცემი. ისინი თვითონ გვევლინებიან დეზინფორმაციის რუპორებად.

არადა, ევროპამ გამოიარა ფარტაზის გული, გამოიარა იოანე ათონელის გული, იდეამ ევროპისკენ გამოიარა დავით აღმაშენებლის გული, როდესაც მან 80 ბავშვი გაგზავნა ბიზანტიაში განათლების მისაღებად;

იდეამ ევროპისადმი გამოიარა სულხან-საბას გული და ყველა ქართველი მეფის გული, რომელიც ისწრაფოდა დასავლეთისკენ. იდეამ ევროპისკენ გამოიარა დავით და იოანე ბატონიშვილების გული, იოანე ხელაშვილის გული, რომელიც სოლომონ დოდაშვილის მასწავლებელი იყო. გამოიარა სოლომონ დოდაშვილის გული და გამოიარა დიდი თერგდალეულების გული;

გამოიარა 1918 წლის პირველი რესპუბლიკის მესვეურთა გულები და ვინ მიგდია ივანიშვილი და მონანი მისნი, რომ სწადიათ, შეაჩერონ ისტორიული, მარადიული სწრაფვა ჩვენი ქვეყნისა დასავლური ოჯახისადმი, რამეთუ ჩვენ ვართ წევრი დასავლური ოჯახისა”, — დასძინა მან.

ქაზუმოვმა ილია ჭავჭავაძის “მგზავრის წერილებიც” გაიხსენა და დასძინა:

“დიდი ილიას “მგზავრის წერილებში”, როდესაც ლელთ ღუნია გულისტკივილით ამბობს, რომ უწინ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდესო… “გვეყუდნოდეს” ნიშნავს მხარის აბმას, ერთმანეთზე მიყრდნობას, დაყრდნობას, როგორც დღეს ამის ნათელი მაგალითი ხართ თქვენ.

სწორედ იმ იდეას გულისხმობდა, რომ მოქალაქეთა შორის უნდა იყოს ერთი იდეა, აზრი, მომართულობა, მიზანსწრაფულობა. “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს” არ ნიშნავდა იზოლაციონისტობას, “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს” არ ნიშნავდა ნაჭუჭში ჩაკეტვას, პირიქით, კოალიციურობა – აი, ეს არის ნამდვილი ძალა და ჩვენ იმიტომ გვინდა ევროპაში, რომ ევროპა არის თანასწორთა კოალიცია, ევროპა არის მოძმე სახელმწიფოთა კოალიცია, ევროპა არის ძმობის კოალიცია.

…გამარჯვებით, როგორც ვაჟა ამბობდა, დღეს ვართ იმ ვითარებაში, გაღმით შენა ხარ, გამოღმით მე, შუაში ჩამოდის მდინარეო. დღეს ბარიერი ჩვენსა და ევროპას შორის არის ეს რუსეთუმე მთავრობა და ჩვენ დღეს მოვალენი ვართ, ხიდად ვექმნეთ ჩვენი მომავალი თაობისა.

ჩვენ უნდა გავედოთ დღევანდელ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხიდად. და უნდა იცოდეთ, რუბიკონი უკვე გადალახულია”, — აღნიშნა ოქტაი ქაზუმოვმა.

გუშინ, 23 ივნისს, ევროპულმა საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც უკრაინას და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ თანმხლები პირობებით, საქართველოს კი არა. სამივე ქვეყნის შემთხვევაში ევროპულმა საბჭომ მათი ევროპული პერსპექტივა აღიარა.

დღევანდელი აქციის ორგანიზატორთა თქმით, “საქართველოს ევროპული არჩევანი ქართველმა ხალხმა უნდა დაიცვას”.

აქციაზე წაიკითხეს მოთხოვნების სია, რომელთა შორისაა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა 1 კვირის ვადაში და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა.

„სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა თქვა, რომ 3 ივლისს საქართველოს ყველა რეგიონიდან დაიძვრება ხალხი და პარლამენტთან გაიმართება კიდევ ერთი აქცია.

„და დავრჩებით აქ და არ დავიშლებით, სანამ არ დაიშლება ოლიგარქია!“ — აღნიშნა დიღმელაშვილმა.

გადადგეს ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა — აქციის მთავარი მოთხოვნა

მასალების გადაბეჭდვის წესი