ახალი ამბები

ტვ პირველის ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

24 ივნისი, 2022 • 614
ტვ პირველის ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლით.

ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით. გამოძიება ამ მუხლის მეორე ნაწილითაა დაწყებული, რაც გულისხმობს ხელშეშლას „ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით“ და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ტელეკომპანია „პირველის“ განცხადებით, მათ ჟურნალისტსა და ოპერატორს გადაღების დროს უცხო პირები თავს დაესხნენ.

„ტვ პირველის“ თანახმად, ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიას თავს უცნობი პირები დაესხნენ, აგინეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ტელეარხის თანახმად, შემთხვევა დღეს, 24 ივნისს, დოლიძის ქუჩაზე მოხდა. ტვ პირველის თანახმადვე, უცხო პირები ჟურნალისტს თავს მხოლოდ იმის გამო დაესხნენ, რომ მას „ტვ პირველის“ მიკროფონი ეჭირა.

„ტვ პირველი“ ხაზს უსვამს, რომ კიდევ ერთი თავდასხმა მათ გადამღებ ჯგუფზე ერთი კვირის წინ ბათუმში მოხდა. 19 ივნისს ბათუმში TV პირველის ოპერატორს მცირეწლოვანი შვილების თვალწინ სცემეს. TV პირველის გადამღები ჯგუფი ღამის ეთერში სტუმრის ჩასართავად ემზადებოდა, როცა მათთან უცხო პირები მივიდნენ და გინება დაუწყეს. მოგვიანებით კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი