პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შეიძლება უკეთესიცაა, რომ საქართველომ ავანსად არ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რადგან ასეთ შემთხვევაში მმართველ გუნდს და ოპოზიციას პოლარიზაციის დასრულების ნაკლები მოტივაცია ექნებოდა.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა დღეს, 24 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც პოლარიზაციის დასრულების მიზნით კონსტრუქციული დიალოგისა და ევროკომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების მზადყოფნა გამოთქვა.
„უკრაინა არის დიდ ომში, უბედურებაში და მოლდოვა არის მძიმე მდგომაროებაში. მათ ორივეს განუსაზღვრეს პირობები, დათქმები გაუკეთეს, როგორც ჩვენ, მაგრამ ავანსად, რომ წაეხალისებინათ. საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ უკრაინა არის ომში და ვალში ვართო. აქ რა არის გაუგებარი? მოლდოვა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მეტი რისკები აქვთ, მეტი გამოწვევები… მათაც განუსაზღვრეს პირობები და დათქმები, მათაც მისცეს საჩუქარი.
ჩვენს შემთხვევაში გვითხრეს, რომ ჯერ საჩუქარს ვერ მიიღებთ, სანამ ამ პირობებს არ შეასრულებთო. მე თუ მკითხავთ, ვითვალისწინებ რა უკრაინის მძიმე მდგომაროებას, ომს, მოლდოვის მდგომარეობას, — მიღწევებით და შესრულებით ორივე ქვეყანას ყველაფერში ვუსწრებთ, — შეიძლება უკეთესიც იყოს ჩვენთვის, რომ ჯერ არ მივიღეთ საჩუქარი ავანსად და შემდეგ პირობების შესრულება არ მოგვთხოვეს.
რატომ? – პოლარიზების დასრულების, — რომელიც მარტო ჩვენი გასაკეთებელი არ არის, ოპოზიციის გასაკეთებელიცაა, — მოტივაცია საჩუქრის შემდეგ, ვაღიაროთ, არ იქნებოდა იმდენი, რომ ეს მომხდარიყო. ახლა მეტი მოტივაცია გვაქვს ორივეს – მმართველ ძალას და ოპოზიციას, რომ ეს პირობა შევასრულოთ“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ევროკავშირმა უკრაინას და მოლდოვას მიანიჭა კანდიდატის სტატუსი თანმხლები პირობებით, საქართველოს კი — არა და სტატუსის მისაღებად წინაპირობები განუსაზღვრა. სამივე ქვეყნის შემთხვევაში ევროპულმა საბჭომ აღიარა მათი ევროპული პერსპექტივა.
მანამდე, 17 ივნისს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი დასკვნა, სადაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პირობას უყენებს. 22 ივნისს პარლამენტში სამთავრობო ანგარიშის წარდგენისას გამოვლენილი აგრესიული და შეურაცხმყოფელი რიტორიკის შემდეგ, პრემიერი დღეს, 24 ივნისს აცხადებს, რომ მზადაა, შეასრულოს დეპოლარიზაციის პირობა, თუმცა ამას ოპოზიციის გარეშე ვერ გააკეთებს. მთავრობა ამბობს, რომ ყველა სხვა პირობას უმოკლეს დროში შეასრულებს, თუმცა დეოლიგარქიზაციაში არ გულისხმობს ბიძინა ივანიშვილს. ასევე, ამბობს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციებში გათვალისწინებული რეფორმების ნაწილი ისედაც განსაზღვრულია ასოცირების დღის წესრიგით.