ახალი ამბები

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ათასს აჭარბებს

23 ივნისი, 2022 •
ავღანეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ათასს აჭარბებს

ავღანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ათასს აჭარბებს, დაშავებული კი 1500 ადამიანია. როგორც BBC წერს, სამაშველო ოპერაციებს ძლიერი წვიმა ართულებს.

გამოცემა წერს, რომ ამ დრომდე არ არის ცნობილი, რამდენი ადამიანი მოყვა ნანგრევებში 6.1 მაგნიტურის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად. BBC-ს თქმით, სტიქიის შედეგად დაზიანდა საკომუნიკაციო ქსელებიც. მიწისძვრას გადარჩენილი ადამიანები გამოცემას უყვებიან, რომ მიწისძვრამ მთლიანად გაანადგურა სოფლები. მაშველები შიშობენ, რომ გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ გაიზრდება.

BBC წერს, რომ ბოლო ორ ათწლეულში ეს ავღანეთში, რომელიც ისედაც სეისმურად აქტიურ რეგიონში მდებარეობს, ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა იყო. ბიძგები იგრძნობოდა პაკისტანსა და ინდოეთშიც. გამოცემა წერს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით მიწისძვრების გამო 7 000 ადამიანი დაიღუპა. გაეროს წარმომადგენლის თქმით, ავღანეთში ყოველწლიურად მიწისძვრის შედეგად საშუალოდ 560 ადამიანი იღუპება.

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიარეში აცხადებს, რომ სააგენტოს სრული მობილიზაცია აქვს გამოცხადებული და ექიმების ჯგუფი, სამედიცინო მარაგები, საკვები და დროებითი თავშესაფრის მოწყობისთვის საჭირო ინვენტარი სტიქიის ზონაში გაიგზავნება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი