ახალი ამბები

გვაქვს დიდი პასუხისმგებლობაც – კალაძე სამგორის გამგებელს ეხმაურება

22 ივნისი, 2022 • 618
გვაქვს დიდი პასუხისმგებლობაც – კალაძე სამგორის გამგებელს ეხმაურება

თბილისის მერი კახა კალაძე კიდევ ერთხელ გამოეხუმაურა სამგორის რაიონის გამგებელ კახა სამხარაძის 20 ივნისის აქციაზე დაწერილ პოსტს და მისი გუნდის წევრებს მიმართა, რომ გამოხატვის თვისუფლება ხელშეუხებელია, თუმცა მათ ბევრად დიდი პასუხისმგებლობა აქვთ. ამის შესახებ მან დღეს, 22 ივნისს, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“გუშინ გავაკეთე განცხადება და განმარტებები ამასთან [კახა სამხარაძის სტატუსთან] დაკავშირებით. ეს [ფეისბუკი] მისი პირადი სივრცეა. ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. მე შეიძლება რაღაცები არ მომეწონა, ვიღაცას შეიძლება მოეწონა, ვიღაც შეიძლება უფრო მეტად გაბრაზდა, ვიღაც უფრო ნაკლებად, მაგრამ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, მით უმეტეს, პირად სივრცეში ხელშეუხებელია. თუმცა, ზოგადად, ჩემი თხოვნა იქნება, პირველ რიგში, ჩემი გუნდის წევრების მიმართ, რომ გვახსოვდეს, ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო დიდი პასუხისმგებლობა. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი და უზენაესი ქვეყნის ინტერესებია და ვიმოქმედოთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებით. ამიტომ ყველამ გაითვალისწინოს ეს.

არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ დამრიგებლის როლში გამოვდივარ. თქვენ ყველას გაქვთ თქვენი მოსაზრების გამოხატვის უფლება თქვენს პირად სივრცეში. ამას ვერავინ შეეხება, თუმცა, ამავდროულად, კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, გვყავს უამრავი მხარდამჭერი და ეს პასუხისმგებლობა კარგად გავითავისოთ”, – თქვა კალაძემ.


თბილისის სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ 20 ივნისს თბილისში გამართული აქციის „შინ ევროპისკენ“ მონაწილეებს აგინა. მან შეურაცხყოფის შემცველი პოსტი ფეისბუკში გამოაქვეყნა:

„მე ჩემს თაობაზე მაქვს აქცენტი, რომ ჩემმა თაობამ ბევრი ჭირ-ვარამი გადავიარეთ და ყველაფერი სწორად შევაფასეთ და იმედი მქონდა, რომ თქვენს შვილებს, გვერდით მდგომებსაც შეუძახებდით, შეცდომა არ დაეშვათ! მე არ ვიცი, ვინ როგორ მოიქცა, მაგრამ დღეს იქ ვინც მივიდა, მე ისევ ვიმეორებ, ჩემს თაობას ვეუბნები, მაგარი სი*ები ხართ, ქვეყნის მტრები ხართ და ვისაც გინდათ, პასუხი პირადად გამცეთ, მზად ვარ, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე შევხვდეთ“, – წერია კახა სამხარაძის მიერ გავრცელებულ პოსტში.

სამხარაძემ მოგვიანებით აღნიშნული პოსტი წაშალა.

ნეტგაზეთის მიერ გამოთვლილი მიახლოებითი შედეგის თანახმად, 20 ივნისის აქციაში, მინიმუმ, 120 000 ადამიანი მონაწილეობდა, საშუალოდ — 140 000, მაქსიმუმ კი — 160 000.

მასალების გადაბეჭდვის წესი