ახალი ამბები

ჟურნალისტს, რომელმაც ხაშურის სტადიონზე უსაფრთხოების ზომები გააკრიტიკა, ემუქრებიან – “ივერია”

21 ივნისი, 2022 • 1006
ჟურნალისტს, რომელმაც ხაშურის სტადიონზე უსაფრთხოების ზომები გააკრიტიკა, ემუქრებიან – “ივერია”

ტელეკომპანია „ივერიის“ განცხადებით, ემუქრებიან მათ კორესპონდენტს, რომელიც აშუქებდა ხაშურში საფეხბურთო მოედანზე მომხდარ დაპირისპირებას.

როგორც ტელეკომპანიის წარმომადგენლები „მთავარ არხთან“ აცხადებენ, 16 წლის ჟურნალისტი ხაშურის „ივერიისა“ და თბილისის „გლდანის“ შეხვედრას აშუქებდა, რომელზეც დაპირისპირება მოხდა. ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ სტადიონზე უსაფრთხოების ზომები შესაბამისად არ იყო დაცული, რის შემდეგაც მის ოჯახის წევრებს უცნობი პირები დაუკავშირდნენ და „ურჩიეს“ ტელეკომპანიის დატოვება.

„ვფიქრობ, ეს ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, რომლებიც დღეს არიან მერიაში. დაურეკეს მის ოჯახს და უთხრეს ჩამოშორდეს ტელევიზიას, რა უნდა… ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ კრიტიკულ სიუჟეტებს, მაგრამ ვერ აიტანეს“, – ამბობს ტელეკომპანიის დირექტორი ზაზა მეზვრიშვილი.

ხაშურის „ივერიისა“ და თბილისის „გლდანის“ ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ მოხდა. თავდაპირველად, მატჩის მიმდინარეობისას ჩხუბი ფეხბურთელებს შორის დაიწყო, როდესაც ერთ-ერთმა გულშემატკივარმა მინის ბოთლი ისროლა სტადიონზე.

ამის შემდეგ „გლდანის“ მეკარემ ბოთლი უკან, გულშემატკივრებისკენ გაისროლა, თუმცა „ივერიის“ ერთ-ერთ ფეხბურთელს, სანდრო ხაჩიძეს მოარტყა თავში. ადგილობრივი მედიასაშუალება „TV ივერიის“ ინფორმაციით, ფეხბურთელს სახის არეში ორი ნაკერი დაადეს და ამჟამად თავს კარგად გრძნობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი