ლიეტუველი პოლიტიკოსი ჟიგიმანტას პავილიონისი ქართველ კოლეგებს მოუწოდებს, დაუბრუნდნენ შარლ მიშელის შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებას. ამის შესახებ მან ქართველი ხალხისადმი მიმართვაში ისაუბრა, რომელიც წაიკითხეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე “შინ, ევროპისკენ”.
“ძვირფასო ქართველებო, დღეს ჩვენ თქვენ გვერდით ვართ. ვიცი, რომ იმედგაცრუებულები ხართ, მაგრამ ეს არ არის გზის დასასრული, ეს გზის დასაწყისია”, – განაცხადა პავილიონისმა და გაიხსენა, რომ თავის დროზე ევროკომისიამ ლიეტუვასა და ლატვიისათვის EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის რეკომენდაცია არ გასცა, თუმცა მათ ყველა რეფორმა განახორციელეს, რასაც ბრიუსელი ითხოვდა და 2 წელიწადში მოლაპარაკებები დაიწყეს.
“თქვენ გაქვთ საგზაო რუკაც: 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც მიღწეული იქნა შარლ მიშელის შუამავლობით. ის 6 თვის განმავლობაში სამჯერ ჩამოვიდა საქართველოში. დაუბრუნდით ბრიუსელთან გაუქმებულ მოლაპარაკებებს, მოახდინეთ საზოგადოების კონსოლიდაცია და გაიმარჯვებთ. ჩვენ თქვენთან ვართ”, – განაცხადა პავილიონისმა.





