საფრანგეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგად, ემანუელ მაკრონის ცენტრისტულმა საპარლამენტო ჯგუფმა Ensemble-მ აბსოლუტური უმრავლესობა დაკარგა.
პარლამენტის ქვედა პალატაში 577 ადგილიდან მაკრონის ჯგუფმა 245 ადგილის მოპოვება შეძლო, რაც ფორმალურად კვლავ არის მანდატების უმრავლესობა, თუმცა ახლა მაკრონს რეფორმებისა და საკუთარი გადაწყვეტილებების მხარდაჭერისთვის სხვა ჯგუფებთანაც მოუწევს თანამშრომლობა.
არჩევნები წარმატებული აღმოჩნდა ახლი მემარცხენე კოალიცია NUPES-სთვის, რომელმაც 131 მანდატის მოპოვება შეძლო.
კოალიცია აერთიანებს მწვანეებსა და სოციალ-დემოკრატებს, ასევე, კომუნისტებს.
პარლამენტში მანდატების რიცხვი მნიშვნელოვნად გაეზარდა მარინე ლე პენის „ეროვნულ გაერთიანებას“, რომელმაც ნაცვლად 8 მანდატისა, რომელიც მას წინა მოწვევის პარლამენტში ჰქონდა, ახლა უკვე 89 ადგილის მოპოვება შეძლო.
მისი განცხადებით, მაკრონის უპირატესობა დასრულდა.
პარლამენტში რესპუბლიკელებმა 64 ადგილის მოპოვება შეძლეს. NUPES-ს მიღმა მყოფმა სხვა მემარცხენე პარტიებმა 22 ადგილი, ხოლო დანარჩენმა პარტიებმა 26 მანდატი მოიპოვეს.