ახალი ამბები

პოლონეთი მზადაა სააკაშვილის მიღებისა და მკურნალობისთვის — გოშიევსკა

17 ივნისი, 2022 • 989
პოლონეთი მზადაა სააკაშვილის მიღებისა და მკურნალობისთვის — გოშიევსკა

პოლონეთის სეიმის მარშლის მოადგილე მალგოჟატა გოშიევსკა კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა, თუმცა ამ დრომდე ვერ შეძლო კლინიკაში შესვლა.

გოშიევსკა ამბობს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთის პრემიერ მატეუშ მორავიეცკისთან შეხვედრაზე დადო პირობა, რომ გოშიევსკას, როგორც პოლონეთის პრემიერის წარმომადგენელს, მისცემდა სააკაშვილთან შეხვედრის უფლებას, მაგრამ მორიგ ჯერზე უარი ეთქვა.

„ევროპული დემოკრატიის პრინციპებში არ არის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის პატიმრობა და დასჯა. თუ სახელმწიფო და მართლმსაჯულება არ გამოხატავს პატივისცემას ქვეყნის პირველი პირის მიმართ, რა უნდა ქნას უბრალო ადამიანმა ამ ქვეყანაში? სააკაშვილთან საერთაშორისო ექიმების ჯგუფის არდაშვება და ჰუმანიტარული მოსაზრებებით მისი არგათავისუფლება არის ბარბაროსული აქტი. პოლონეთმა არაერთხელ განაცხადა სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე პრეზიდენტ სააკაშვილის მიღების მზაობა. ერთი ოლიგარქის სურვილის გამო მთელი მსოფლიოს თვალწინ იღუპება ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი არაერთხელ დაისვა საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებს, პრემიერებს, საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრაზე და პოლონური მხარე აფიქსირებდა სრულ მზაობას სააკაშვილის გადაყვანის და მკურნალობის საკითხებში“, — განაცხადა გოშიევსკამ და კიდევ ერთხელ გამოხატა პოლონეთის მზადყოფნა, მიიღოს სააკაშვილი სამკურნალოდ.

მისი თქმით, ქართული საზოგადოება აბსოლუტური უმრავლესობით მხარს უჭერს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას და მომხრეა, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

„ოპოზიციური პარტიები გამოხატავენ სურვილს, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, მიუხედავად ქვეყანაში არსებული დაძაბული სიტუაციისა. მე სრულიად მხარს ვუჭერ ასეთ მიდგომას. არ შეიძლება ქვეყნის და ხალხის დასჯა ერთი ოლიგარქის სიძულვილის, თავგასულობის და პრორუსულობის გამო“, — დასძინა მალგოჟატა გოშიევსკამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი