“სომხეთი კვლავ “მთიანი ყარაბაღის” სტატუსის შესახებ საუბრობს, რაც სრულიად არაპროდუქტიული და საშიშია თავად სომხეთისთვისაც”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში გამართულ ფორუმზე განაცხადა.
ალიევის თქმით, აზერბაიჯანში არ არსებობს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, სახელწოდებით “მთიანი ყარაბაღი” და ნებისმიერი საუბარი ამ თემაზე სომხეთის მხრიდან, ახალ შეტაკებას გამოიწვევს.
“მთიანი ყარაბაღი არ არსებობს. მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქი გაუქმდა 1991 წლის ბოლოს აზერბაიჯანის პარლამენტის გადაწყვეტილებით და ჩვენს ტერიტორიაზე ეს ადმინისტრაციული სტრუქტურა არ არსებობს. ამიტომ ამაზე ნებისმიერი მსჯელობა მხოლოდ ახალ დაპირისპირებებს გამოიწვევს. სომხეთის მთავრობამ უნდა გაიგოს ეს და უარი თქვას ისტორიის გადაწერის მცდელობაზე. ისტორია უკვე დაწერილია და გარკვეული ზეპირი შეთანხმებაც არსებობს იმაზე, რომ სტატუსის შესახებ არავინ ისაუბრებს”.
მისივე თქმით, თუკი სომხეთი გააგრძელებს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის საკითხის დაყენებას, აზერბაიჯანს სხვა არჩევანი არ ექნება და ისიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას.
ამ მხრივ, ალიევმა დასავლეთ ზანგეზურიდან აზერბაიჯანელებისთვის სტატუსის შესაძლო მოთხოვნა ახსენა.
“რადგან იქ მხოლოდ აზერბაიჯანელები ცხოვრობდნენ. ვფიქრობ, სომხეთის ხელისუფლებამ არ უნდა დაივიწყოს ყარაბაღის მეორე ომი, კარგად უნდა აითვისოს გაკვეთილი და აზერბაიჯანის ნებისმიერ ტერიტორიულ პრეტენზიაზე უარი თქვას”.
ფაშინიანმა უკანასკნელ პერიოდში განცხადა, რომ საჭიროა თამასის დაწევა აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების დროს და მთიანი ყარაბაღის სტატუსის დათმობა, რამაც სომხურ ოპოზიციურ სპექტრში კრიტიკა გამოიწვია. ამასთან, სამშვიდობო შეთანხმების მომზადების პროცესში სომხეთმა საკუთარი ექვსპუნქტიანი პირობები წამოაყენა, რომელთა შორისაა მთიანი ყარაბაღის სტატუსის საბოლოო განსაზღვრა.