ახალი ამბები

ხოშტარიას ცნობით, მამამისს რუსეთიდან სოლიკო ვირსალაძის ჰონორარი ერიცხება

16 ივნისი, 2022 • 1654
ხოშტარიას ცნობით, მამამისს რუსეთიდან სოლიკო ვირსალაძის ჰონორარი ერიცხება

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ეხმაურება ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ცნობას, რომლის თანახმადაც, ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან პერიოდულად სოლიდური თანხები ირიცხება.

„ქრონიკის“ ცნობით, საუბარია მილიონობით რუსულ რუბლზე და გადმორიცხვები არ შეჩერებულა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგაც.

ტელეკომპანიის მიერ აღნიშნული კონფიდენციალური ინფორმაციის გავრცელებას წინ უძღოდა ელენე ხოშტარიას მიერ „იმედის“ მფლობელ ირაკლი რუხაძის მიმართ სანქციების დაწესების მოთხოვნა. „დროას“ ლიდერი ამბობს, საერთაშორისო პარტნიორებთან იმუშავებს ბიძინა ივანიშვილის და ხელისუფლებასთან დაკავშირებული სხვა ბიზნესმენებისთვის, მათ შორის ირაკლი რუხაძის, სანქცირებისთვის, რომელიც, მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ბევრ ჩრდილოვან კორუფციულ გარიგებაშია, ღიად ფლობს პროპაგანდისტულ მედიებს, როგორიც არის „იმედი“, „მაესტრო“ და GDS, ამგვარად, მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში.

„ირაკლი რუხაძის მხილებამ ძალიან ააღელვა „იმედი“. უახლოეს დღეებში კიდევ გაგაცნობთ მასალას რუხაძის კავშირებზე სანქცირებულ ადამიანებთან. ხოშტარიას კრემლიდან ერიცხება ფულიო… მამაჩემი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, თეატრის მხატვრის, რომელიც მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა მარიინსკის თეატრში და რომლის სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. შესაბამისად, უკვე 25 წელია ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპეკტაკლიდან. რუსეთის საავტორო ორგანიზაცია „რაოსთან“ გაწყვეტილი აქვს ურთიერთობა. არ გამოვა ეს აფიორა და არც რუხაძეს უშველის ეს. ყველა ფაქტს ოლიგარქიული მმართველობის საყრდენების შესახებ ვამხელ და გადავცემ პარტნიორებს“, — აცხადებს ელენე ხოშტარია.

ელენე ხოშტრატიას მამა, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გოგი ხოშტარიაა. ის ქართველი თეატრალური მხატვრის და სცენოგრაფის სოლიკო ვირსალაძის დისშვილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი